El Pais: ესპანეთი უკრაინას მაქსიმუმ ექვს "ლეოპარდს" გადასცემს

ესპანური გაზეთი El Pais იუწყება, რომ მადრიდი მზადაა, უკრაინას ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს.

გამოცემა ანონიმურ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანელები უკრაინელებს 4-6 ლეოპარდს გადასცემენ.

ზუსტი რაოდენობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც ესპანელები თავიანთ მარაგებში ლეოპარდების მდგომარეობას შეამოწმებენ. El Pais-ის ცნობით, საბოლოო რაოდენობა იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი ქვეყანა გადასცემს უკრაინას საბრძოლო ტანკებს.

უკრაინისთვის ლეოპარდების გადაცემის შესახებ მზადყოფნა ერთი კვირის წინ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა გამოთქვა.

მისი თქმით ესპანელები დასავლელ მოკავშირეებთან კოორდინაციით იმოქმედებენ, რათა უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში დაეხმარონ.

"ესპანეთს ამ კოორდინაციის ფარგლებში სურს, მოკავშირეებთან იმაზე იმუშავოს, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რაც საჭიროა. მათ შორის, ლეოპარდების გაგზავნის, მათ გამოსაყენებლად პერსონალის გაწვრთნისა და მათი შენახვის ჩათვლით," - თქვა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები