EPP-ის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებასაც მოიცავს
ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისადმი სანქციების დაწესების წინადადებასაც მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და წერს, რომ დოკუმენტში საუბარია ნიკა გვარამიას დაკავებაზე, ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესებასა და მიხეილ სააკაშვილის "ჰუმანიტარული საფუძვლებით" გათავისუფლების აუცილებლობაზეც.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს, 9 ივნისს უნდა განიხილოს, საუბარი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც ეხება.
"რეზოლუციის პროექტში, რომელიც EPP-მ მოამზადა და რომლის ტექსტიც კენჭისყრამდე განხილვაზე შეიძლება შეიცვალოს სხვა პარტიების შესწორებებით, ნახსენებია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება 2016 წლის 1 ივლისს, და საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, და შემდეგ ჩამოთვლილია მედიის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოში განვითარებული პროცესები, მათ შორის ათობით ჟურნალისტზე თავდასხმა 2021 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება 2022 წლის 16 მაისს, საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც სისტემატურად საუბრობენ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, ის, რომ მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60-დან გადაინაცვლა 89-ე ადგილზე, და სხვა გარემოებები.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან მიმართებით. რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად.
რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს „განიხილონ ის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს“.
რეზოლუციის პროექტში ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისადმი და ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის, საქართველოს დამსახურების და მოცემული რეზოლუციის გათვალისწინებით" - წერს "რადიო თავისუფლება".
"ევროპის სახალხო პარტია" 176 დეპუტატით ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია.