ერდოღანი ჩრდილოეთ სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციას აანონსებს
თურქეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციას აანონსებს, რომლის მიზანიც ე.წ. 30 კილომეტრიანი უსაფრთხო ზოლის უზრუნველყოფა იქნება.
"ჩვენ გავაგრძელებთ 30 კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის უზრუნველსაყოფად წამოწყებულ პროექტს. ამ ოპერაციების სამიზნე იქნება ის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენება",- თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტს არ დაუსახალებია კონკრეტული თარიღები, თუმცა მისი თქმით სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც სამხედროები და სპეცსამსახურები მზადებას დაასრულებენ.
თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციები წარსულშიც ჩაუტარებია, ერდოღანი ამბობდა, რომ ამ ოპერაციების მიზანი ისლამური სახელმწიფოს და ქურთული სამხედრო დანაყოფებისგან თურქეთის დაცვა იყო.
სირიაში გამაგრებულ ქურთულ არმიას თურქეთი ქურთისტანის მუშათა პარტიის [PKK] დანაყოფად მიიჩნევს. PKK ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში.
ეს ჩრდილოეთ სირიის ქურთული დანაყოფებისგან გაწმენდის მესამე მცდელობა იქნება. ერდოღანის მიერ დაანონსებული სამხედრო ოპერაცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ თურქეთი ღიად დაუპირისპირდა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების იდეას.
ამის მიზეზად ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის მფარველობაში და მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ერთ-ერთ მიზეზად ამ ქვეყნების მიერ თურქეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებიც სახელდება - თავის მხრივ ეკონომიკური სანქციები თურქეთს ფინეთმა და შვედეთმა 2019 წელს სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციისთვის დაუწესეს.