ერდოღანი ხერსონიდან რუსეთის გასვლაზე: პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ანკარა აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ თურქეთის სამთავრობო გამოცემა Daily Sabah წერს.
მისი თქმით, ხერსონიდან რუსი ოკუპანტების გასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროცესში.
"რუსული ჯარები ტოვებენ ხერსონს - ეს არის დადებითი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მან დასძინა, რომ სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან G20-ის სამიტზე შეხვედრა, რომელიც 15-16 ნოემბერს ბალიზე (ინდონეზია) გაიმართება. თუ პრეზიდენტი პუტინი იქ არ წავა, ერდოღანმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მასთან "სატელეფონო დიპლომატიას".
10 ნოემბერს, რუსულმა პროპაგანდისტულმა სააგენტო TASS-მა, რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დიმიტრი პესკოვის კომენტარზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინი ინდონეზიაში G20-ის სამიტს არ დაესწრება. რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.