ერდოღანი ტყვეების გაცვლაზე: ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა
თურქეთის პრეზიდენტმა, მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგარ სამხედრო ტყვეების გაცვლის დეტალებზე ისაუბრა. თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
გარიგების შედეგად, უკრაინამ 215 მებრძოლი დაიბრუნა, მათ შორის 108 უკრაინის ნაციონალური გვარდიის, აზოვის ბატალიონის მებრძოლები არიან. გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს პრორუსი ოლიგარქი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად მიჩნეული, ვიქტორ მედვედჩუკი გადასცა.
"ჩვენი ამოცანა იყო გაგვეცვალა 200 ტყვე. ყველა მათგანი ახლა თურქეთში იმყოფება, ისინი ჩვენი სტუმრები არიან. ერთ-ერთ ტყვის გადაცემას პირადად ვლადიმირ პუტინი ითხოვდა. ეს ადამიანი ჩვენ რუსეთში გავუშვით", - განაცხადა ერდოღანმა.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისზეა საუბარი, მაღალი ალბათობით ეს სწორედ ვიქტორ მედვედჩუკია.
ომის დაწყებამდე მედვედჩუკი ქვეყნის უმსხვილეს პრორუსულ პარტიას ხელმძღვანელობდა. გასულ წელს უკრაინის პროკურატურამ მედვედჩუკის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა.
ომის დაწყების მომენტში მედვედჩუკი შინა პატიმრობას იხდიდა და მოსამართლის განჩინების დარღვევით 24 თებერვალს სახლიდან გაუჩინარდა.
მედვედჩუკი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აპრილში დააპატიმრეს.