ერდოღანი: ზელენსკი თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმდა

 

4 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, კიევში ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთი მზადაა იყოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს - ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინს - შორის შეხვედრის ორგანიზატორი. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.

"ზელენსკიმ მითხრა: როგორც კი დარეკავ, მეორე დღეს ან იმის შემდეგ დღეს, სადაც შენ მეტყვი, ჩამოვალ", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თუ რუსული მხარე თურქეთის შუამავლობის იდეას დაეთანხმება, ანკარა მზადაა ხელი შეუწყოს მოსკოვსა და კიევს შორის დიალოგს.

ერდოღანი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ხელი არ შეუწყო რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შემცირებას. მისი თქმით, ევროპაში აღარ არის არცერთი ლიდერი, ვინც ამას შეძლებს.

"ადრე მსგავსი ნაბიჯები ანგელა მერკელმა გადადგა, რომელმაც საჭირო დროს კრიზისის აღმოსაფხვრელად გასაღები იპოვა. ასეთი ლიდერები აღარ არიან. სხვა პოლიტიკოსების ხსენება არც კი ღირს. ამერიკის პრეზიდენტს ამ საკითხზე პოზიტიური ხედვა ჯერ არ გამოუვლენია." - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

მან თქვა ისიც, რომ თურქეთი კვლავ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

3 თებერვალს, ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა რვა შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მსგავსი სიახლეები