მიმოხილვა| ერდოღანის პროპაგანდისტულ მანქანას საბოლოო გამოცდა ელის

გთავაზობთ EUobserver-ის სტატიას, რომელიც თურქულ მედიაში არსებულ მდგომარეობასა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლო ცვლილბებეს ეხება.

თურქეთში ჟურნალისტებისთვის ჯერ LGBTQI საკითხების გაშუქება გახდა აკრძალული, ხოლო შემდგომ ქალთა უფლებების. საკითხები, რომლის შესახებაც დაწერა შესაძლებელი იქნებოდა, ერთ დროს პატივსაცემ გაზეთ Hürriyet-ში თანდათან შემცირდა, მას შემდეგ რაც 2018 წელს, ეს გამოცემა პრეზიდენტ ერდოღანთან დაკავშირებულმა ოჯახმა შეიძინა.

"ეს არ მომხდარა ერთ ღამეში, ცენზურა თანდათან გაიზარდა," - ამბობს ბანუ თუნა, რომელსაც მის ოფისში შევხვდით.

22 წლიანი მუშაობის შემდეგ, გაზეთის ახალმა მეპატრონემ ის 2019 წელს სამსახურიდან გაუშვა და არაერთი სხვა თურქი ჟურნალისტის მსგავსად, მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება, რათა საკუთარი მომავალში გაერკვეს.

თუნამ საკუთარი თვალებით ნახა, როგორ ეუფლებოდა ერდოღანის რეჟიმი, თანდათან, თურქულ მედიას. დღეისთვის, მედიის მფლობელების 90% მჭიდრო კავშირშია საპრეზიდენტო სასახლესთან, ხოლო Hürriyet იყო გაზეთებს შორის უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც ერდოღანის კონტროლის ქვეშ მოექცა. 

ბანუ თუნა თავად გახდა მოწმე, თუ როგორ ჩამოერთვა კრიტიკული ჟურნალისტიკის კეთების შესაძლებლობა. ამის მაგალითი იყო სტატია, რომელიც მან რუსეთიდან გაზსადენის მშენებლობაზე დაწერა, სადაც გარემოსდაცვით ზეგავლენაზე იყო საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ სტატია დაიბეჭდა, მეორე დღეს ციფრული პლატფორმიდან გაქრა. 

"განმარტებაც არ მომითხოვია," - ამბობს ის, "რადგანაც ძალიან მკაფიო იყო, თუ რაც მოხდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ენერგეტიკის სამინისტროდან დაურეკავთ." 

თვით-ცენზურის სწავლა

2013 წლის გაზის პარკის ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ, მედიის მიმართ პირდაპირი პოლიტიკური მოწოდებები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, როგორც ამას მუსტაფა კულეილი, თურქეთის ჟურნალისტური გაერთიანებისა და ევროპის ჟურნალისტების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს. 

"2013 წელს მათ მედია გამოცემების ცენზურა პირდაპირ დაიწყეს. ისინი ურეკავდნენ მთავარ რედაქტორებს და პირდაპირი ეთერის შეწყვეტას, ან ეკრანზე გამოსახული გრაფიკის შეცვლას სთხოვდნენ, რამაც რეგულარული ხასიათი მიიღო."

ამის შემდეგ, ერდოღანმა მედიაზე კონტროლი თანდათან გაამკაცრა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2016 წლის წარუმატებელი პუტჩი, რის შემდეგაც - 54 გაზეთი, 24 რადიო სადგური და 17 სატელევიზიო არხი დაიხურა.

პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი იყო ქვეყანა, სადაც ე.წ ფეიკ ნიუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო, ამიტომ, ოფიციალურ მიზეზად დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლა გამოიყენეს. 

დღეის მდგომარეობით, ხელისუფლების მხრიდან ცენზურა საჭირო ნაკლებად საჭიროა, რადგანაც ჟურნალისტები თავად მიეჩვიენ თვით-ცენზურის პირობებში მუშაობას. მედიის სფეროში მყოფმა ადამიანებმა იციან, რომ "რადარს ქვემოთ" უნდა დარჩნენ, თუკი უსიამოვნო სიურპრიზების ძებნა არ სურთ. 

"კრიტიკულ ჟურნალისტიკას აღარც ცდილობენ, რადგანაც თუკი წლების განმავლობაში მუშაობ სახელისუფლებო მედიაში, მაშინ მოქცევის წესებიც ნასწავლი გაქვს. შესაბამისად, ხანდახან ფსიქოლოგიურ წამებას აქვს ადგილი,"- განაცხადა მუსტაფა კულეილმა. 

თუნა ვეღარ ცნობს იმ გაზეთს, სადაც 20 წელიწადზე მეტი გაატარა. მისი თქმით, მთავარი გვერდიც კი ჟურნალისტების კონტროლს მიღმაა. "Hürriyet-ის გამოცემას ქვეყნის მასშტაბით შუაღამით ვაქვეყნებდით, ხოლო დღეს ეს გაცილებით გვიან ხდება."

"ყოველ ღამით, მთავარ გვერდს სადღაც აგზავნიან, საიდანაც ჩასწორებული იგზავნება. მე მაქვს წარმოდგენა, თუ სად ხდება ჩასასწორებლად გაგზავნა, მაგრამ ეს ჯერ არ გასაჯაროებულა. თუმცა, ეს ადგილი რედაქცია ნამდვილად არ არის." - განაცხადა მან. 

თუნას განცხადება გაზეთის ერთ-ერთმა რედაქტორმა დაადასტურა, რომელმაც მოგვწერა, რომ გაზეთის შინაარსში პოლიტიკურ ჩარევას შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ადგილი. 

"როდესაც ერდოღანის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იბეჭდება, გაზეთის მთავარი გვერდი გარკვეული ტიპის დამტკიცებას მართლაც გადის, ამის მოწმე თავად ვარ." 

"დამტკიცება შესაძლოა ხდებოდეს პირდაპირი კომუნიკაციის გზით, მაგრამ როგორც თავად ხვდებით, ეს საჯარო არ არის. ისინი ამისთვის WhatsApp-ს იყენებენ. თუმცა, კიდევ ერთხელ რომ ვთქვა, ეს არ არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურად ხდება." - მოგვწერა რედაქტორმა მომდევნო პასუხის დროს. 

წყაროს საკუთარი სახელის იდენტიფიცირება არ სურს. 

ტვიტერის გათიშვა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრიდან მალევე, თურქი მომხარებლების დიდი ნაწილისთვის ტვიტერი 12 საათით გამოირთო. ეს არის ერთ-ერთი იარაღი, რაც თურქმა კანონმდებლებმა "დეზინფორმაციასთან ბრძოლის" ფარგლებში მიიღეს. 

NetBlock-ის ინფორმაციის თანახმად, ტვიტერი მას შემდეგ აღდგა, რაც მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ და "შეახსენეს ვალდებულებები" შინაარსის წაშლისა და  დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ. 

ვეისელ ოკი, პრესისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხზე მომუშავე ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ მსგავსი ნაბიჯი შესაძლოა მომდევნო არჩევნების პერიოდშიც გადადგას: "შესაძლოა, მათ ყველაფერი გათიშონ. შემდეგ, ჩვენ გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ მათ გაიმარჯვეს." 

იგი ახლა რამდენიმე ჟურნალისტს ეხმარება მიწისძვრის გაშუქების საკითხებთან დაკავშირებით. 

"მიწისძვრის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის რეპორტაჟის გაკეთება უფრო და უფრო გართულდა. მათ არ აქვთ იმის გაშუქების შესაძლებლობა, რაც ხდება. მუდმივად თხოვენ აკრედიტაციებს, რაც სავალდებულო სულაც არ არის." 

მედიისა და სამართლის სწავლების ასოციაციის ინფორმაციით, 6-13 თებერვალის მონაკვეთში პოლიციამ 4 ჟურნალისტი დააკავა, ხოლო 9 ჟურნალისტს გადაღებაში ხელი შეუშალა. 

თავისუფალი ფიქრის დავიწყება 

"ეს იქნება თავისუფლების ან ტრაგედიის მომენტი."

მუსტაფა კულეილს დაწყებული აქვს ფილმის გადაღება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების საღამოს დასრულდება. მას სწამს, რომ პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში, არჩევნები შესაძლოა თურქული ჟურნალისტიკის ახალი დასაწყისი აღმოჩნდეს. 

"ჟურნალისტებისთვის ეს დიდი შვება იქნებოდა და ჩვენ ვიხილავთ არაერთ ცვლილებას თურქულ მედია ლანდაშპტში. ჩვენ ვნახავთ ახალ ტელევიზიებს, გამოცემებს, გაზეთებსა და წამყვანებს." - ამბობს კილეილი. 

"თუკი ერდოღანი გაიმარჯვებს, ეს იქნება უზარმაზარი ფსიქოლოგიური დარტყმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების სწამს." 

თუნა ოცნებობს ჟურნალისტიკაში დაბრუნებაზე და მოუთმენლად ელის არჩევნების შედეგებს - ზუსტად ისეთივე იმედით, როგორც 10 წლის წინ გეზის პარკში გამართული დემონსტრაციების დროს იყო. 

მთავრობის ცვლილების შემთხვევაში, ფიქრობთ რომ თურქეთში პრესის თავისუფლება აღდგება?

"დიახ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება."-გვიპასუხა თუნამ. 

"რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ დავიწყებული გვაქვს თავისუფლად და კრიტიკულად ფიქრი, ხოლო ამასობაში მივიღეთ ჟურნალისტების თაობა, რომლებსაც ეს პროფესია ნასწავლი აქვთ იმ სახით, როგორითაც დღეს ფუნქციონირებს, რასაც ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს." 

"ჩვენი უნარების აღდგენას დრო დასჭირდება."- თქვა თუნამ.

მსგავსი სიახლეები