ერდოღანს "მარცვლეულის შეთანხმების" განახლების იმედი აქვს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმების" განახლებას შეძლებს.
ამ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, ის "კარგ შედეგს" ელის. მან აღნიშნა, რომ ანკარა მჭიდრო კავშირშია გაეროსთან "მარცვლეულის შეთანხმების" აღსადგენად და მალე ამ საკითხს გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერესთან განიხილავს.
"ამ ინიციატივის აღდგენა პრიორიტეტია მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ამ საკითხზე მჭიდრო კავშირში ვართ გაეროსთან," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთს ორი მოთხოვნა აქვს "მარცვლეულის შეთანხმების" აღსადგენად.
"პირველ რიგში, რუსული აგრარული ბანკის SWIFT-ის სისტემაში ჩართვა... მეორეც, გემები, რომლებიც ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, უნდა იყოს დაზღვეული. გემები უნდა იყოს დაზღვეული, რათა ტვირთი ევროპულ ან სხვა პორტებში შეიტანონ." - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
პუტინმა, სოჭში ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, თქვა, რომ მოსკოვი მზად არ არის დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შავი ზღვის "მარცვლეულის ინიციატივას," რომელიც მან ივლისში ჩაშალა.
თავის მხრივ, ერდოღანმა მხარი დაუჭირა შავი ზღვის "მარცვლეულის ინიციატივის: გაგრძელებას და აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა "შეარბილოს თავისი მიდგომა," რათა ხორბლის ექსპორტი განახლდეს.