ერევანი: აზერბაიჯანი რუსი სამშვიდობოების ზონაში შეჭრას აგრძელებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეჭრას რუსი მშვიდობისმყოფლების მისიის ზონაში. 

"ველოდებით, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში მიიღებენ კონკრეტულ ზომებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეჭრის აღსაკვეთად და ამ სამხედრო ნაწილების ყარაბაღიდან გაყვანისთვის",- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, 27 მარტს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსი კოლეგების განცხადებას გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მიმართულებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და აზერბაიჯანული ძალები რჩებიან დაკავებულ სოფლებში. 

"ვწუხვართ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27 მარტის განცხადება შეიცავდა რამდენიმე მონაკვეთს, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. კერძოდ სოფელ ფარუხსა და მის ირგვლივ არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეებზე არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული ძალები გავიდნენ ამ პოზიციებზე არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ჯარი სრულად აკონტროლებს ოპერატიულ მდგომარეობას". 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ცნობები იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანმა დაარღვია და არიან დაჭრილები. 

"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 26 და 27 მარტის განცხადებებში ტერმინ მთიანი ყარაბაღის გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობისა და მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ".

ამავდროულად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოიშველია მხარეებს შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაფორმებული თანამშრომლობის დეკლარაცია - "თავის განცხადებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული დეკლარაციის უპატივცემლობას ახდენს. 

გარდა ამისა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რუს კოლეგებს მოუწოდა შეასწორონ შეცდომები - "გვინდა ცალკე აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანის ხოჯალის რაიონში არ არსებობს სოფელი ფურუხი, ამ სოფელის სახელია ფარუხი. ვიმედოვნებთ, რომ სოფლის სახელი სწორად იქნება მოხსენიებული რუსი კოლეგების შემდგომ განცხადებებში".

_________________________________________________

თვითაღიარებული ყარაბაღის ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს რეგიონში დისლოცირებული რუსი სამშვიდობო ჯარების კონტინგენტის ზრდას სთხოვს. 

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ნოვოსტი არმენიი პრეზიდენტის ოფისის საინფორმაციო სამმართველოზე დაყრდნობით წერს. 

"გთხოვთ გადახედეთ რეგიონში მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელებისა და მათ განკარგულებაში არსებული საშუალებების რაოდენობას და შესაბამისად, გაზარდოთ სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა", - ნათქვამია წერილში. 

უწყებაში განმარტავენ, რომ მისიის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე რუს მშვიდობისმყოფელებთან, კონსტრუქციული ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ და მზად არიან უზრუნველყონ რუსი სამხედროები ყველა აუცილებელი პირობით. 

რუსი მშვიდობისმყოფელების მისიის ზონაში შექმნილი ვითარება განიხილეს ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა გუშინ, 25 მარტს გამართულ სატელეფონო საუბარში. 

ფაშინიანის თქმით, ვითარება დაძაბულია და აზერბაიჯანელი სამხედროები წინ მიიწევენ. სომხეთი პრემიერი ამბობს, რომ აუცილებელია აზერბაიჯანელი სამხედროები საწყის პოზიციებზე დაბრუნდნენ. 

მიმდინარე ესკალაციის ფაზა 22 მარტს დაიწყო, ამ დღეს სომხეთმა განაცხადა, რომ ყარაბაღის რეგიონს გაზმომარაგება შეუწყდა, რაშიც ბრალი აზერბაიჯანულ მხარეს დასდო. 

მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ და ერთ-ერთი სოფელიც დაიკავეს. 

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ისტერიის მიზეზი არ არსებობს და მიმდინარე გადაადგილება პოზიციების დაზუსტებაა და სხვა არაფერი. 

2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში მეორე ომი დაიწყო, რომელიც 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. იმავე წლის ნოემბერში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის ფედერაციის შუამავლობით ზავი გააფორმეს. 

შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, მანამდე სომხეთის მიერ კონტროლირებადი 5 რეგიონი, მათ შორის ქალაქი შუშიც. ამავე შეთანხმების მიხედვით, რეგიონში რუსეთის 2 000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი შევიდა.

მსგავსი სიახლეები