ერმაკი: ჩვენი მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 100%-ის დაბურნებაა
მომავალი თვეები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა იაპონურ ტელეარხ NHK-თან 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ კონტრშეტევებს სამხრეთში და "მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 100%-ის დაბრუნება".
ამასთან, ერმაკმა აღნიშნა, რომ თუ საომარი მოქმედებები ზამთრამდე გაგრძელდება, უკრაინას ტერიტორიების დაბრუნება უფრო გაუჭირდება.
"ამ ომში ჩვენ არასოდეს წავალთ ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დათმობებზე", - განაცხადა ერმაკმა.
მან ასევე მოუწოდა აშშ-ს და სხვა დასავლეთის ქვეყნებს, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.