ესტონეთი და ლატვია საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს შესყიდვას გეგმავენ
ესტონეთმა და ლატვიამ საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვისთვის გერმანული წარმოების სისტემა IRIS-T აირჩიეს. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) წერს.
IRIS-T-ს ერთობლივი შესყიდვის მიზნით, ქვეყნები მოლაპარაკებებს გერმანულ თავდაცვით კონცერნ Diehl Defence-თან იწყებენ.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ლატვიასთან საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივი შესყიდვის ახალ ეტაპზე გადავედით. ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა ორ ქვეყანას შორის თავდაცვით თანამშრომლობაში. ადრე მსგავსი მასშტაბის ერთობლივი შესყიდვის პრეცენდენტი არ ყოფილა", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა რიგაში გამართულ შეხვედრაზე.
"შერჩეული საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაზრდის ლატვიისა და ესტონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის, სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საუკეთესოდ დაცვას", - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ.
ესტონეთმა და ლატვიამ 2022 წლის ივნისში, მადრიდში, ნატოს სამიტზე ხელი მოაწერეს ოქმს, რომ ერთობლივად შეისყიდიან საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემას. პროცესს ესტონეთის თავდაცვის საინვესტიციო ცენტრი ხელმძღვანელობს, რომელმაც გასული წლის ივლისში ხელი მოაწერა შეთანხმებას ლატვიის თავდაცვის სამინისტროსთან.
"ჩვენ მზად ვართ, რომ ესტონეთს ჰქონდეს ფუნქციონალური საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა 2025 წლისთვის. პირველი სისტემები 2024 წელს უნდა ჩამოვიდეს", - თქვა პევკურმა. მთავრობამ შესყიდვისთვის თანხა 2022 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტზე მოლაპარაკებების დროს გამოყო.
გერმანიის მთავრობა გეგმავს უკრაინას კიდევ ოთხი IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდოს, რაც მოიცავს 12 IRIS-T-ს გამშვებს და ასობით რაკეტას ამ სისტემისთვის.