ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: რუსული არმია 100 წლის განმავლობაში არ შეცვლილა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა The Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ესტონეთში 600 უკრაინელი ქვეითი გაწვრთნეს.

"გარდა ამისა, ესტონეთში ექიმები, სნაიპერები და სხვები გაიწვრთნენ. დეტალებს ვერ გეტყვით", - თქვა პევკურმა.

ესტონეთმა უკრაინას 370 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტია. ამ მაჩვენებლით, ესტონეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

გამოცემის ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, რატომ უჭერს მხარს ესტონეთი უკრაინას ასე აქტიურად.

"შემიძლია ვიკითხო, რატომ არ აკეთებენ სხვები იმდენს, რამდენასც ესტონელები? რადგან ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისთვის და უკრაინელი ხალხისთვის. ისინი იბრძვიან თავისუფალი სამყაროსთვის და წესებზე დაფუძნებული სამყაროსთვის. სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას რითაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ უკრაინას ეს დახმარება ძალიან სჭირდება", - უპასუხა პევკურმა.

მისი თქმით თქმით, რუსული არმია ბოლო 100 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

"პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი იყენებდნენ ერთსა და იმავე ტაქტიკას, რაც წარმოუდგენელი სისასტიკე და სამხედრო დანაშაული იყო. ისინი აუპატიურებენ ბავშვებს, კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა რუსეთის სამხედრო სისტემაში. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ მძიმე არტილერია და შორ მანძილზე მოქმედი სისტემები ჯერ კიდევ ძალიან საჭიროა. ჩვენ გვეგონა, რომ ახალი ომი მაღალტექნოლოგიური იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს მაინც მძიმე საარტილერიო ბრძოლაა", - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

პევკურის თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ნატოს, როგორც ალიანსს.

"შარშან მადრიდში ნატოს წევრებმა ერთობლივად მკაფიოდ განაცხადეს, რომ ნატოსთვის, როგორც ალიანსისთვის, ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთია. ჩვენ ვართ ფრონტის ხაზის ქვეყნები აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც შესასვლელი კარი ღიაა, სახლის შიგნით ყველა დაუცველია. როდესაც შესასვლელი კარი ჩაკეტილია, ყველამ შეიძლება თავი დაცულად იგრძნოს სახლში. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ნატოს შესასვლელი კარი", - ხაზი გაუსვა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები