ეთიოპიაში მთავრობასა და ტიგრაის სახალხო ფრონტს შორის შეტაკებები განახლდა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ეთიოპიის ჩრდილოეთ პროვინციაში ხელისუფლებასა და ტიგრაის სახალხო განთავისუფლების ფრონტს შორის შეტაკებები განახლდა.

კონფლიქტის ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი აცხადებს, რომ აჯანყებული ტიგრაის დაჯგუფება სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ თანხმდება.

ტიგრაის ფრონტის ლიდერი გებრეციონ გებრემიქაელი ხელისუფლებას ზავისთვის „მიუღებელი პირობების“ წამოყენებაში ადანაშაულებს და საერთაშორისო საზოგადოების ჩარევას მოითხოვს.

მხარეები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე მარტში შეთანხმდნენ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა შეტაკებების განახლების გამო შეშფოთება გამოთქვა.

„ეთიოპიელები, ტიგრაიელები, ამჰარელები, ამარელები [რედ. - ეთიოპიის ეთნოსები] უკვე საკმარისად დაიტანჯნენ. ორივე მხარეს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ“, - განაცხადა გუტიერეშმა.

ეთიოპიის ტიგრაის პროვინციაში შეიარაღებული დაპირისპირება 2020 წლის ნოემბერში დაიწყო.


უკვე ერთი წელია, რაც ეთიოპიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რამაც მილიონობით ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მიიყვანა.

2020 წლის ნოემბერში გაჩაღებულ კონფლიქტში ერთმანეთს ეთიოპიის ცენტრალური მთავრობა და TPLF-ი დაუპირისპირდა - ეს უკანასკნელი ტიგრაის, ეთიოპიის ჩრდილო პროვინციას აკონტროლებს.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ათასობით სამოქალაქო პირი, 400 000-მდე პირი შიმშილობს, 9,4 მილიონი კი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

გასულ თვეში, მას შემდეგ, რაც ტიგრაის ძალები დედაქალაქ ადის აბებას მიუახლოვდნენ, ეთიოპიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეთიოპიის პრემიერმა აბი აჰმედმა თანამოქალაქეებს „იარაღის ასხმისკენ“ და „შეიარაღებული წინააღმდეგობისკენ“ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები