Europol: ევროპაში საერთაშორისო ნარკოვაჭრობის ქსელის 44 წევრი დავაკავეთ
ევროპულმა პოლიციისა და მართლმსაჯულების ორგანოებმა განაცხადეს, რომ დიდი საერთაშორისო კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას ათ ქვეყანაში უკვე დააკავეს 44 ადამიანი.
ინფორმაცია ევროპის პოლიციის სააგენტო Europol-მა და ევროპის მართლმსაჯულების სააგენტო Eurojust-მა 25 ნოემბერს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს.
დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ფულის გათეთრებაში და კრიმინალურ ქსელთან კავშირში, რომელიც ევროკავშირში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქსელად ითვლება. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამი კონტინენტის არაერთი კრიმინალური ორგანიზაცია თანამშრომლობს ფართომასშტაბიანი დანაშაულების ჩასადენად ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ.
ქსელის სავარაუდო ლიდერებსა და მათ თანამზრახველებზე რეიდების დროს ევროპის მასშტაბით 94 ჩხრეკა ჩატარდა. კრიმინალური ქსელის წევრები მოქმედებდნენ ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და სლოვაკეთის ტერიტორიაზე.
Europol-მა და Eurojust-მა აღნიშნეს, რომ მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა გიგანტური მასშტაბის იყო. რეიდების დროს ამოღებულია დიდი ოდენობით კოკაინი, ჰაშიში, კანაფი და მეტამფეტამინი. საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მონაწილეობდა მართლმსაჯულებისა და პოლიციის ორგანოები 11 ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.