ბორელი: ევროკავშირი გეგმავს უკრაინის არმიის მოსამზადებლად მისია შექმნას
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი, უკრაინის ფრონტზე შექმნილი რთული სიტუაციის ფონზე, გააგრძელებს კიევის დახმარებას. სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება უკრაინის არმიის მომზადებისთვის ევროკავშირის მისიის შექმნის საკითხი.
"უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. სამხედრო მომარაგების გარდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ ევროკავშირის მისიის დაწყებას უკრაინის არმიის წვრთნის მიზნით, რათა გავაძლიეროთ დახმარება და გავხადოთ ის უფრო პროგნოზირებადი", - თქვა მან პრაღაში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენცია.
ბორელის თქმით, შეხვედრაში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მიიღებს მონაწილეობას.
ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არაფორმალური კონფერენციის თემა თავად ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იქნება.
"ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია წევრ ქვეყნებს მივცეთ საშუალება იყიდონ მეტი აღჭურვილობა, რადგან ჩვენი არსენალი ცარიელდება. ჩვენ უკრაინას იმდენ იარაღს ვაწვდით, რომ საკუთარი მარაგის შევსება გვჭირდება", - თქვა მან.