ევროკავშირი ატომური და გაზის ენერგიის ‘მწვანე’ წყაროებად ცნობას აპირებს
ევროკომისიამ ბირთვული ენერგია და ბუნებრივი აირი ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყაროების რიგს მიაკუთვნა.
ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანოს თანახმად, ორივე ტიპის ენერგია შესაძლოა „მწვანედ“ ჩაითვალოს, თუ მათი გამოყენება შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
ბირთვული რეაქციისგან და ბუნებრივი აირის წვისგან მიღებული ენერგიის „მწვანედ“ აღიარება ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ენერგიის ამ წყაროებში ინვესტიციები ჩადოს.
ენერგორესურსების კლასიფიკაცია - რაც ევროკავშირის ამბიციურ კლიმატურ ხედვას უკავშირდება - წევრ ქვეყნებს შორის მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა.
კლასიფიკაციის მთავარ მხარდამჭერად პარიზი მოიაზრება - საფრანგეთი ბირთვული ენერგიის მსხვილი მომხმარებელია.
ავსტრიის კანცლერმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას „გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ ბირთვული ენერგია „არც მწვანეა და არც მდგრადი.“
ვენა გადაწყვეტილების ევროპული კავშირის სასამართლოში (ECJ) გასაჩივრებას აპირებს.
ავსტრიასთან ერთად სარჩელის შეტანას აპირებს ლუქსემბურგიც.
ატომური ენერგიის ეკოლოგიურად სუფთად გამოცხადებას ეწინააღმდეგებიან ბერლინშიც. თუმცა, გერმანია, რომლის ენერგომოხმარების მესამედი ბუნებრივ აირზე მოდის, გაზის ენერგიის „მწვანე წყაროდ“ გამოცხადებაზე თანახმაა.
ევროკომისიაში ირწმუნებიან, რომ ბუნებრივი აირი და ატომური ენერგია კლიმატისთვის „უვნებელ“ ენერგეტიკულ მოდელზე გადასვლის აუცილებელი ნაწილია.
ევროკავშირი 2050 წლამდე კლიმატური „ნეიტრალობის“ მიღწევას ისახავს, რაც ატმოსფეროში სათბური აირების გამოყოფის მკვეთრ შემცირებას და ენერგოგენერაციაში განახლებად რესურსებზე გადასვლას ითვალისწინებს.
ამისთვის ევროკავშირი 2030 წლამდე აირების გამოყოფის 55%-ით შემცირებას აპირებს, რაც წელიწადში დაახლოებით 350 მილიარდი ევროს ინვესტიციას მოითხოვს.