EU €3.5 მილიარდს გამოყოფს იმ ქვეყნებისთვის, ვინც უკრაინელებს მიიღებს
ევროკავშირი დამატებით 3.5 მილიარდ ევროს გამოყოფს ბლოკის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც მიიღებენ უკრაინელ ლტოლვილებს. ამის შესახებ ინფორმაცია 11 აპრილს ევროპული საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
თანხების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.
"უკრაინელი ლტოლვილების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საბჭომ მიიღო აქტი დამატებით 3.5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, რომელსაც წევრი ქვეყნები მიიღებენ უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების რაოდენობის მიხედვით", - ნათქვამია განცხადებაში.
მიღებული დოკუმენტით ევროპის ერთობისა და ტერიტორიების აღდგენის (REACT-EU) პროგრამის წინასწარი დაფინანსება გაიზრდება.
"კერძოდ, REACT-EU-ს წინასწარი დაფინანსება 2022 წელს 11%-დან 15%-მდე გაიზრდება ყველა წევრი ქვეყნისთვის და 11%-დან 45%-მდე ევროკავშირის ქვეყნებისთვის, სადაც უკრაინიდან ჩამოსულთა რაოდენობა მათი მოსახლეობის 1%-ს აღემატება", - აცხადებენ პრესსამსახურში.