ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას აპირებს
ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკის, სბერბანკის, გადარიცხვების საერთაშორისო სისტემა SWIFT-დან გათიშვას აპირებს, აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სბერბანკს, რომლის საკონტროლო პაკეტსაც კრემლი ფლობს, რუსეთის საბანკო სექტორის მესამედი უკავია.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ბლოკი სანქციების ამოქმედებას კიდევ ორი მსხვილი რუსული ბანკის წინააღმდეგ აპირებს.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, საუბარია მოსკოვის კრედიტ ბანკსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკზე.
„მიზანში იმ ბანკებს ამოვიღებთ, რომლებიც რუსეთის საფინანსო სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და პუტინს დააზიანებს. ეს რუსეთის საფინანსო სექტორის გლობალური ბაზრიდან მთლიან იზოლაციას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა ევროკავშირის ლიდერმა ევროპარლამენტთან მიმართვაში.
Bruegel-ის კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშით, აქამდე ევროკავშირის სანქციებში რუსეთის საბანკო სექტორის დაახლოებით 26 პროცენტი მოხვდა.
ევროკავშირი რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შესყიდვა გაზპრომბანკის გავლით ახერხებს, რომელსაც სავარაუდოდ შეზღუდვები ჯერ არ ემუქრება.