ევროკავშირმა და ტუნისმა არალეგალურ მიგრაციაზე კომპრომისს მიაღწიეს
მიგრანტების მზარდი რაოდენობის ფონზე, ბრიუსელმა და ტუნისმა გადაწყვიტეს გააძლიერონ ერთობლივი მუშაობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
შესაბამის დოკუმენტს ხელი 16 ივლისს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, იტალიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა მარკ რუტემ და ჯორჯა მელონიმ და ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა მოაწერეს.
ამ შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი 900 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გადასცემს ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანას, რომელიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ევროპელი პოლიტიკოსების მონაწილეობით ტუნისში დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა.
თავის მხრივ, ტუნისმა აიღო ვალდებულება აქტიურად დაუპირისპირდეს არალეგალურ მიგრაციას და შეაჩეროს მისი ნაპირებიდან ევროპისკენ ტრეფიკინგის მცდელობები.
"ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმების კარგი პაკეტი. ახლა ჩვენ ის უნდა განვახორციელოთ პრაქტიკაში," - თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
თავის მხრივ, საიდმა პირობა დადო, რომ შეთანხმებას "რაც შეიძლება მალე" შეასრულებს. მან არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს "არაადამიანური" უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ეს პრობლემა ერთად შეიძლება მოგვარდეს.
შეთანხმების მიხედვით, გამოყოფილი თანხიდან 100 მილიონი ევრო მიგრანტების ზღვაში ძებნა-გადარჩენაზე, ასევე სამშობლოში დაბრუნებაზე დაიხარჯება. ეს სამჯერ აღემატება იმ თანხას, რასაც ტუნისი ამ მიზნებისთვის აქამდე ხარჯავდა.
წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროკავშირში არალეგალური მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ბევრისთვის ტუნისი სატრანზიტო პუნქტია. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იტალიისთვის. წლის დასაწყისიდან იქ 75 000 მიგრანტია რეგისტრირებული, რომლებიც ქვეყანაში ზღვით ჩავიდნენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 31 900 იყო.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირი შეძლებს ტუნისის მსგავსი შეთანხმებების ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებთან გაფორმებას.