ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დეტალები გამოაცხადა
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 7 დეკემბერს, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტში 200-მდე რუსული კომპანია და ფიზიკური პირი, ასევე სამი ბანკი შედის.
ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციები დაწესდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ადამიანებისა და კომპანიების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისა და ფედერაციის საბჭოს წევრების, ასევე მინისტრების, გუბერნატორებისა და სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
"ეს სია მოიცავს რუსეთის სასტიკ და მიზანმიმართულ სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებისა და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქურდობის ძირითად ფიგურანტებს", - აღნიშნა მან.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სანქციების მეცხრე პაკეტში ასევე შედის სამი რუსული ბანკი, რომელთაგან ერთ-ერთი არის სრულიად რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკი. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ორ სხვა ბანკზეა საუბარი.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი აპირებს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტზე, მათ შორის ორმაგი დანიშნულების და ელექტრონიკის. მათ შორისაა ქიმიკატები და ნერვული აგენტები, ელექტრონიკა და IT კომპონენტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაში.
სანქციების მეცხრე პაკეტით, ევროკავშირი ასევე აპირებს "დაუკეტოს რუსეთის წვდომა" ყველა ტიპის თვითმფრინავსა და უპილოტო საფრენ აპარატზე.
"ჩვენ ვთავაზობთ აიკრძალოს თვითმფრინავების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში და ექსპორტი ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, როგორიცაა ირანი, რომელსაც შეუძლია დრონების მიწოდება რუსეთისთვის", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.