ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარება მილიარდ ევრომდე გაუზარდა
ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუორმაგა.
23 მარტს ევროპული კავშირის საბჭომ ევროპის მშვიდობის ინსტრუმენტის (European Peace Facility) ფარგლებში პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ერთ მილიარდ ევრომდე გაზრდას ითვალისწინებს.
„დამატებით 500 მილიონი ევრო უკრაინის არმიის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა.
სამხედრო დახმარება უკრაინის ჯარისთვის დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების საგნების, საწვავის და ლეტალური თავდაცვითი შეიარაღების შეძენას მოხმარდება.