ევროკომისია კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას 17 ან 25 ოქტომბერს გამოაცხადებს
რეალპოლიტიკას ინფორმაციით, ევროკომისია 17 ან 25 ოქტომბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ.
წყაროების ცნობით, სწორედ ამ დროს წარადგენს ევროკომისია გაფართოების პაკეტს. ამ პაკეტის ნაწილი იქნება რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
თუმცა ევროკომისიის რეკომენდაცია საკმარისი არაა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.
მეორე მხრივ, წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, როგორც წესი, ევროკომოსიის რეკომენდაციას ემთხვევა.
მოსალოდნელია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად, ევროკომისია გააჟღერებს რეკომენდაციას უკრაინისა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზეც.
აღმოსავლეთ პარტნიორობის "ასოცირებული ტრიოს" ორმა ქვეყანამ - უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შარშან მიიღო,
საქართველო, რომელიც ერთ დროს ტრიოს მოწინავე ქვეყნად ითვლებოდა, კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა.
თუ ევროკომისია შესაბამის რეკომენდაციას გასცემს და წევრი სახელმწიფოებიც თანახმანი იქნებიან, ბრიუსელი მოლდოვასთან და უკრაინასთან 35 თავიან გაწევრების მოლაპარაკებებს დაიწყებს.
თითოეული თავის გავლისას ევროკავშირი შეამოწმებს, რამდენად ახლოსაა კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობა და სტანდარტები საკუთართან.
მოლაპარაკებები წლების განმავლობაში გრძელდება და გაწევრების დაჩქარებული პროცედურა არ არსებობს.