ევროპარლამენტარი: საბანაძის გადადგომა სამწუხაროა, ბევრი გააკეთეთ ევროკავშირთან დასაახლოებლად
"სამწუხაროა, რომ ნატა საბანაძე გადადგა. ბრიუსელში გატარებული 8 წლის განმავლობაში თქვენ ბევრს მიაღწიეთ საქართველოს და ევროკავშირის დასაახლოვებლად. არავინ არ იცის თქვენზე უკეთ რამდენად რთულია მისია იყო ეს, მაგრამ თქვენი მონდომებით და ძალისხმევით მივაღწიეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ვიზალიბერალიზაციას. ასე განაგრძეთ",- წერს ანა ფოტიგა Twitter-ზე.
ნატა საბანაძემ, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა, თანამდებობა 21 მარტს დატოვა. "სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით - პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა",- წერდა საბანაძე თავის გამოსამშვიდობებელ პოსტში.
"ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, პროევროპელი უნდა იყო",- თქვა საბანაძემ ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში.