ევროპის კავშირი ფინეთ-რუსეთის საზღვარზე დამატებით ოფიცრებს გააგზავნის

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო ფრონტექსი აცხადებს, რომ ფინეთში ადგილობრივი საპოლიციო ძალების დასახმარებლად, ათეულობით ოფიცერსა და შესაბამის აღჭურვილობას გააგზავნის.

”ფინეთის საზღვარი არის ევროპის კავშირის საზღვარი. ევროპის კავშირი თქვენს უკან დგას. თქვენ შეგიძლიათ, რომ ევროპის კავშირის საზღვრების დაცვისა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის საკითხში ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - ილვა იოჰანსონი, ევროპის კავშირის საშინაო საქმეთა კომისარი.

აღსანიშნავია, რომ ფინეთში რუსეთიდან მხოლოდ ნოემბერში 700-ზე მეტი მიგრანტი შესაბამისი დოკუმენტისა და ვიზის გარეშე ჩავიდა. მათ შორის არიან სირიის, იემენის, ერაყის, სომალის, კენიის, მაროკოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ჰელსინკი ფიქრობს, რომ მიგრანტთა ნაკადის უკან რუსეთის ფედერაცია დგას. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოსკოვი ფინეთის მიმართ უფრო მტრული მას შემდეგ გახდა, რაც ეს უკანასკნელი ნატო-ში გაწევრიანდა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერი ორპოს განცხადებით, „საზღვრის უსაფრთხოების სერიოზული დარღვევა“ ფინეთის, რომლის მოსახლეობაც 5.6 მილიონს შეადგენს, ეროვნულ უსაფრთხოებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

22 ნოემბერს ფინელმა მესაზღვრეებმა რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ბარიერების, მათ შორის მავთულხლართებისა და ბეტონის წინაღობების, აღმართვა დაიწყეს.

გასულ კვირას მთავრობამ, ფინეთ-რუსეთის საზღვარზე, რომელიც ჯამში 1.340 კილომეტრს შეადგენს,ოთხი სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი დახურა. ვაალიმაას, ნუიჯამაას, იმატრასა და ნიირალას გამშვები პუნქტები 18 ნოემბერს შეწყვეტენ მუშაობას. გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 18 თებერვლამდე იქნება. მოგვიანებით, ფინეთის ხელისუფლებამ ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის - „რაია-იოსეპის“ გარდა, ყველას დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები