ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის €18 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწია
ევროპულმა საბჭომ მიაღწია შეთანხმებას საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
ამ ინფორმაციას საბჭოს ვებგვერდზე 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.
წინადადება მომავალ კვირას ევროპარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
"2023 წელს უკრაინას გასაცემი სესხის ოდენობა 18 მილიარდი ევრო იქნება, 10 წლიანი საშეღავათო პერიოდით. წევრი სახელმწიფოები საპროცენტო ხარჯების დიდ ნაწილს გარე მიზნობრივი შემოსავლებიდან დაფარავენ. ამ სესხის გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტიდან ან წევრი ქვეყნების მიერ." - ნათქვამია განცხადებაში.
ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ზბინეკ სტანიურამ აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურად, მანამ, სანამ საჭირო იქნება. დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირის რეგულარული ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდეს 2023 წლის განმავლობაში", - თქვა მან.