ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი ჯარებს აგროვებს და ესკალაციის საფრთხე მაღალია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანი აძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სადემარკაციო ხაზსა და სომხეთის საზღვართან.

ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება გაუარესდა და აზერბაიჯანი რამდენიმე დღეა ძალებს აგროვებს.

პრემიერმა გაიხსენა, რომ წინა დღეს მორიგი სასაზღვრო შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, ლაჩინის კორიდორის ბლოკადა გრძელდება და ბაქო ისევ აცხადებს, რომ სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევს.

ნიკოლ ფაშინიანი ამას ხედავს, როგორც სიგნალს, რომ აზერბაიჯანი ამზადებს ახალ შეიარაღებულ პროვოკაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რეაგირება მოახდინონ ახალი ომის თავიდან ასაცილებლად.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანი აგრძელებს 2021-23 წლებში ბრიუსელსა და პრაღაში შეხვედრების დროს მიღწეული შეთანხმებების მხარდაჭერას და მიიჩნევს, რომ ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგი საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია. 

"ამ ყველაფრის საფუძველზე სომხეთი მზადაა და ცდილობს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას მშვიდობისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ. ჩვენ ვართ სამშვიდობო დღის წესრიგის მომხრეები." - განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები