FBI-მ ჩინეთის 2 აგენტი დააკავა, მათ პოლიციის განყოფილება ჰქონდათ მოწყობილი

აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ ამერიკის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ჩინეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ. 

დაკავებულებს ბრალი ედებათ პეკინის მითითებით მანჰეტენის რაიონში ე.წ. პოლიციის განყოფილების მოწყობაში. ამერიკელი პროკურორების თქმით, დაკავებულები "ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტრანსნაციონალური რეპრესიის სქემის საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი."

ლიუ ძიანწანგსა და ჩენ ძინფინგს ბრალი ედებათ შეთქმულებაში, მათი სასამართლო სხდომა ბრუკლინის რაიონში გაიმართა. 

FBI-ის გამომძიებლების თქმით, დაკავებულები წლების განმავლობაში ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებებს, მათ შორის, ჩინეთიდან გამოქცეული პირების ადგილსამყოფელის დადგენას და ამერიკაში მყოფი პრო-დემოკრატიულად განწყობილი ჩინელი ბლოგერების დაშინებას. 

ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორის მოადგილის თქმით, მას შემდეგ რაც დაკავებულებისთვის ცნობილი გახდა მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ, ეჭვმიტანილებმა გაანადგურეს ჩინურ მხარესთან და ერთმანეთთან არსებული ელექტრონული კომუნიკაციის ჩანაწერები. 

გამომძიებლების ცნობით, ჩინეთის აგენტების მიერ ორგანიზებული ოფისი მანჰეტენის რაიონში მდებარეობდა და მისი გახსნის შემდეგ იქ აშშ-ში ჩინეთის საკონსულოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. 

გარდა ამისა ამერიკელმა სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს ჩინეთის 10 მოქალაქეს, მათ შორის 8 ჩინოვნიკს. მათ ბრალი ედებათ პლატფორმა ZOOM-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის დაშინებაში.

ცოტა ხნით ადრე აშშ-მ ბრალი წაუყენა ჯულიენ ძინს, ZOOM-ის თანამშრომელს, რომელიც ტიანანმენის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენციების ჩაშლას ცდილობდა. 

გარდა ამისა ბრალი წაუყენეს 34 პირს, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით, ბოტებისა და ტროლების გამოყენებით ამერიკაში მყოფი ჩინელი დისიდენტების დაშინებას ცდილობდნენ და პერიოდულად ემუქრებოდნენ მათ. 

გამოძიების ცნობით, კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე ჩინეთის მთავრობის მიერ მართული ბოტები და ტროლები სოციალურ ქსელებში ჩინეთის კომპარტიის საქებარ პოსტებს წერდნენ. ჩინეთის მიერ მართული ბოტები, ასევე, წერდნენ ისეთ მწვავე საკითხებზე როგორიცაა ჯორჯ ფლოიდის მკველობა, კოვიდ ინფექციის წარმომავლობა. 

კონტექსტი 

FBI გასულ წლებშიც აცხადებდა აშშ-ს ტერიტორიაზე განთავსებულ ე.წ. პოლიციის განყოფილებებზე, რომლებიც ჩინეთიდან იმართებოდა. 2020 წელს FBI-მ ბრალი წაუყენა 5 პირს, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ჩინეთის საიდუმლო პოლიციის დავალებით, დისიდენტების თვალთავლში, მათ დაშინებასა და შანტაჟში. 

მსგავსი სიახლეები