"Fidesz-ი" აცხადებს, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ორშაბათს დაამტკიცებს
უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდეშის“ თქმით, პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება შესაძლოა მომავალ ორშაბათს მოხდეს.
20 თებერვალს „ფიდეშის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, მატე კოჩისმა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მან საგაზაფხულო სესიის გახსნის დღეს კენჭისყრის დანიშვნა მოითხოვა.
კოჩისის თქმით, „ფიდეში“, რომელმაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არაერთხელ დაბლოკა, ამჟამად აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
ნატო-ს ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია, უნგრეთია.
გასულ კვირას აშშ-ის სენატორების ორპარტიული ჯგუფი ბუდაპეშტს ეწვია, რომლის წევრებმაც განაცხადეს, რომ უნგრეთის დემოკრატიული უკუსვლის შესახებ კონგრესს ერთობლივ რეზოლუციას წარუდგენენ და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ.
კონექტიკუტის შტატიდან დემოკრატიული პარტიის სენატორის, კრის მერფის თქმით, უნგრეთის მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრებმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, რასაც სენატორმა "უცნაური და შემაშფოთებელი" უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს. ფინეთი ალიანსს 2023 წლის აპრილში შეუერთდა.
23 იანვარს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 25 იანვარს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდეშის“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო სესიას, რომელზეც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლი უნდა დაემტკიცებინათ.
უნგრეთის საკანონმდებლო ორგანო 199 წევრისგან შედგება. ამჟამად, მმართველი კოალიცია - „ფიდეში“ + „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია - KDNP” 135 მანდატს ფლობს. მმართველი კოალიციის მხარდაჭერის გარეშე, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება შეუძლებელია.