ფინანსური კრიზისის მიუხედავად ლიზ ტრასი უარზეა, მთავრობის ხარჯები შეამციროს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მისი მთავრობა ხარჯებს არ შეამცირებს.
თემთა პალატაში დღეს გამართული დებატისას ოპოზიციის ლიდერის, კირ სტარმერის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი, რომ არჩევისას გაცემული პირობა შეასრულოს და მთავრობის ხარჯები არ შეამციროს, ტრასმა უპასუხა, რომ "აბსოლუტურად".
მისი თქმით, მთავრობა ვალს "არა სამთავრობო ხარჯვების შეკვეცით, არამედ ფულის სწორად ხარჯვით" შეამცირებს.
23 სექტემბერს ლიზ ტრასის დანიშნულმა კანცლერმა (ფინანსთა მინისტრმა) კვასი კვარტენგმა ფინანსური გეგმა წარადგინა, რაც მედიაში "მინი-ბიუჯეტის" სახელით არის ცნობილი.
გეგმა გადასახადების შემცირებასა და ამავდროულად, სამთავრობო ვალის გაზრდის შედეგად ხარჯების მატებას ითვალისწინებდა.
კვარტენგის "მინი-ბიუჯეტის" წარგენას ბრიტანეთში ეკონომიკური შოკი მოჰყვა - საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა, ფუნტი კი გაუფასურდა. კრიზისმა საფრთხე შეუქმნა ბრიტანულ საპენსიო ფონდებს, რის გამოც ცენტრალურმა ბანკმა მათი დახმარება გადაწყვიტა.
ამ ფონზე, ლიზ ტრასისა და კონსერვატორების რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა. YouGov-ის უკანასკნელი გამოკითხვით (6-7 ოქტომბერი), ლეიბორისტები კონსერვასტორებს 30%-იანი უპირატესობით უსწრებენ.