ფინეთი უკრაინას 190 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს
ფინეთი მალე უკრაინას 190 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწოდებს.
ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
ეს გადაწყვეტილება ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ დაადასტურა. პაკეტის პირობითი ჯამური ღირებულება 190 მილიონი ევროა. ამ თანხით, სავარაუდოდ, ჩანაცვლდება ფინეთის არმიის შესაბამისი აღჭურვილობა.
პაკეტში, სხვა იარაღთან ერთად, შედის ფინური ინდუსტრიიდან 30 მილიონ ევროდ შეძენილი აღჭურვილობა.
ამ პაკეტის ჩათვლით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ფინეთის სამხედრო დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 1.8 მილიარდ ევროს მიაღწია.
პაკეტის შინაარსი და უკრაინისთვის ამ იარაღის მიწოდების სავარაუდო თარიღი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ არის ცნობილი.
"ეროვნულ დონეზე და უფრო ფართოდ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გზები გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმაზე. ჩვენს ინდუსტრიას აქვს დიდი გამოცდილება და ვმუშაობთ ამ გამოცდილების და შესაძლებლობების ეფექტურად მოზიდვაზე, მათ შორის უკრაინის მხარდასაჭერად. ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.