ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა საპარლამენტო პარტიებისგან მიიღო უფლებამოსილება რუსეთთან საზღვარზე კედელი ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Yle) 18 ოქტომბერს ავრცელებს.
საპარლამენტო პარტიებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე ბარიერების მშენებლობას. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიერ მოწვეულ სხდომაზე მიიღეს. მთავრობას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ძვირადღირებული კედლის მშენებლობას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონოდა. მის აშენებას განსაკუთრებით დაჟინებით ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ.
პირველ რიგში, სასაზღვრო ბარიერი ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამონტაჟდება. მოგვიანებით, შესაძლოა გალავანი ჩრდილოეთის სასაზღვრო პუნქტებთანაც აშენდეს.
გალავნის მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდება და ასობით მილიონი ევრო დაჯდა. იგი მოიცავს აღმოსავლეთ საზღვრის დაახლოებით 10-20%-ს. ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მზად არის სწრაფად დაიწყოს საპილოტე პროექტი. ის შეიძლება მომავალ ზაფხულს დასრულდეს. კედელი, რომელიც მთელ საზღვარს მოიცავს, სამიდან ოთხ წელიწადში შეიძლება აშენდეს.
მესაზღვრეები ამბობენ, რომ კედელი განსაკუთრებით საჭიროა ფართომასშტაბიანი და არალეგალური იმიგრაციის გასაკონტროლებლად.