ფინეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვამზადებთ
ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა 4 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, იტყობინება პორტალი Yle.
მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეცხრე პარტიის გაგზავნისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება.
კაიკონენმა თქვა, რომ ეს დახმარების პაკეტი "სავარაუდოდ არ იქნება ბოლო".
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში", - განაცხადა მინისტრმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფინეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული წინა დახმარების პაკეტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 93 მილიონ ევროს შეადგენს.