ფინეთის თავდაცვის მინისტრს სურს რუსებს უძრავი ქონების ტრანზაქციები სრულად აეკრძალოთ

ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ მუშაობს რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ტრანზაქციების სრულ აკრძალვაზე.

ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი 15 იანვარს წერს.

ჰაკანენმა ეს საკითხი უკვე გასული წლის ოქტომბერში დააყენა და ქვეყანაში რუსული უძრავი ქონების შესყიდვებს უსაფრთხოების გამოწვევა უწოდა. ჰელსინკისა და მოსკოვს შორის დაძაბულობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის და ფინეთის ნატოში შესვლის შემდეგ გაიზარდა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ფინეთი მიზნად ისახავს გაამკაცროს სალიცენზიო პირობები უძრავი ქონების ტრანზაქციებზე ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ პირებისა და კომპანიებისთვის.

ასეთი შეზღუდვები ნიშნავს, რომ, მაგალითად, ქონების გაქირავება მომავალში უფრო მკაცრად გაკონტროლდება და უკვე გაყიდული ქონების ისტორია იქნება გამოკვლეული.

ამ კვირის დასაწყისში ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთთან დაკავშირებული კომპანიის მიერ უძრავი ქონების შესყიდვა დაბლოკა და განაცხადა, რომ ასეთმა გარიგებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ეროვნულ უსაფრთხოებას. ოქტომბერში მსგავსი მოტივით კიდევ სამი შესყიდვა დაიბლოკა. 

მსგავსი სიახლეები