ფონ დერ ლაიენი კორონავირუსის მეოთხე ტალღას "აუცრელების პანდემიას" უწოდებს

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა "აუცრელების პანდემიაა" და ადამიანებს აცრისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაქცინაციაში არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბულგარეთში სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 29% არის სრულად აცრილი, პორტუგალიასა და ირლანდიაში კი 90%-ზე მეტი. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცრელი ადამიანები ჰოსპიტალიზაციის ბევრად დიდი რისკის ქვეშ არიან.

"კორელაცია ძალიან ნათლად ჩანს. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის პორტუგალია და ესპანეთი, სადაც მოსახლეობის 80-90% სრულად აცრილია, კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 30-ჯერ დაბალია, ვიდრე ნაკლებად აცრილ ქვეყნებში." - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, მან  აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ Pfizer-ისგან შეძენილი 1.8 მილიარდი ვაქცინა მთელი კონტინენტისთვის საკმარისი იქნება.

 

 

მსგავსი სიახლეები