ევროპელი ლიდერებისა და ზელენსკის უპრეცედენტო ვიზიტი ტრამპთან - რა უნდა ვიცოდეთ

უახლოეს საათებში თეთრი სახლში დონალდ ტრამპისა და 8 ევროპელი ლიდერის შეხვედრა დაიწყება - კომენტატორების შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა რუსეთ-უკრაინის 3.5-წლიანი ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და გარდამტეხი მომენტია.
State Of Play: ამ დროისთვის ვაშინგტონში სრულდება ევროპელი ლიდერებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოსამზადებელი შეხვედრა, რომელიც უკრაინის საელჩოში მიმდინარეობს.
- ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან.
- ამერიკული პრესის ცნობით, თეთრ სახლში მრავალმხრივი შეხვედრის დაწყებამდე გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა.
- ეს თეთრ სახლში მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამართული სკანდალური შეხვედრის შედმდეგ უკრაინელი პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
Why It Matters: დასავლელი მოკავშირეების მრავალმხრივი შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტის შემდეგ დაიგეგმა.
- პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ ოფიციალურ მიზანზე - ცეცხლის შეწყვეტაზე და თქვა, რომ საუკეთესო გზა დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.
- ტრამპის შეცვლილი პოზიცია უფრო ახლოსაა კრემლის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებთან, რომლის მიხედვითაც ცეცხლის შეწყვეტა არ არის საჭირო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
- წინააღმდეგობრივი ცნობების ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ შტატები არ აიძულებენ უკრაინას ტერიტორიული დათმობებს.
Catch Up Quick: გასულ საათებში დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთში ამერიკელი პრეზიდენტი წერდა, რომ "ზელენსკის თითქმის დაუყოვნებლივ შეუძლია ომის დასრულება, თუ კი უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებასა და ყირიმზე."
- ტრამპმა თავისი პოლიტიკური ოპენენტებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ "ზუსტად იცის რას აკეთებს" და რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა.
- გამოცემა Axios-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ძირითადი მიზანი ამ ეტაპზე არა იმდენად დიდი სამშვიდობო შეთანხმებაა, რამდენადაც ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზება - წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამმხრივ შეხვედრას დათანხმდება.
- ბრიტანული Financial Times-ის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის და ევროპელი ლიდერების მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოების გარანტიების მიღება იქნება.
- იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (ჩანაწერი კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს.
- იმავე Axios-ის ცნობით, ტრამპის გუნდში ასევე არ გამორიცხავენ ამერიკული ჯარების განლაგებას უკრაინაში როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას.
Zoom In: ვაშინგტონში გამგზავრებამდე უკრაინელი პრეზიდენტი საგანგებო ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც განაცხადა, რომ ევროპელების ჩართულობა "კრიტიკულად მნიშვნელოვანია" მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე.
ვინ მიიღებს მონაწილეობას თეთრ სახლში გასამართ შეხვედრაში.
მარკ რუტე, ნატოს გენერალური მდივანი - დასავლური პრესის ცნობით, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერს მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა დონალდ ტრამპთან ჯერ კიდევ პირველი ვადის დროს.
- რუტეს ბოლო ვიზიტი ამერიკაში დაახლოებით 1 თვის გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა უკრაინის შეიარაღების ახალი სქემის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ნატოს გავლით უკრაინამ ამერიკული შეიარაღება უნდა მიიღოს.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის ბოლო შეხვედრა ივლისში, შოტლანდიაში გაიმართა. მაშინ ფონ დერ ლაიენმა და ტრამპმა ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს.
- 17 აგვისტოს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პრეზიდენტს მისი ძალისხმევისთვის და ასევე მზაობისთვის, მიიღოს მონაწილეობა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი - გერმანიის ახალი კანცლერი თეთრ სახლს პირველად 4 ივნისს ეწვია - ვიზიტის ფარგლებში, მერცმა დონალდ ტრამპს თავისი გერმანელი დიდი ბაბუის დაბადების მოწმობა აჩუქა.
- შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ მერცმა 17 აგვისტოს განაცხადა - მისი თქმით, მიზანი დონალდ ტრამპთან შეხედულებების გაცვლაა. ამ დროისთვის გერმანია უკრაინის უმსხვილესი ევროპული დონორი ქვეყანაა.
ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი - დასავლური მედიის ცნობით, გოლფის მოყვარული ფინეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან ყველაზე მეტად დაახლოებული ევროპელი ლიდერია, რომელსაც შუამავლის ფუნქციების შეთავსება შეუძლია.
- "ევროპა და შეერთებული შტატები აგრძელებენ თავიანთი ერთობლივი პოზიციის გაძლიერებას. ეს ერთობლივი ძალიხსმევა უკრაინასთან ერთად გაგრძელდება ვაშინგტონში"- განაცხადა სტუბმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯიორჯა მელონი - თავის მხრივ იტალიელი პრემიერი დონალდ ტრამპთან იდეოლოგიურად ყველაზე დაახლოებულ ევროპელ ლიდერად მიიჩნევა. ასევე ცნობილია, ტრამპისა და მელონის ახლო პერსონალური ურთიერთობების შესახებ.
- ვაშინგტონში გამგზავრებამდე ჯიორჯა მელონიმ განაცხადა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მარტივი არ იქნება, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში პირველად გამოჩნდა "იმედის სხივი."
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი - ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მთავარი შუამავლის ფუნქცია შეითავსა.
- ვაშინგტონში გამგზავრებამდე მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა ახალ ეტაპზე გადასვლა ომის დასასრულებლად და დაუშვებელია სისუსტის გამოვლინება - ამასთანავე საფრანგეთის პრეზიდენტი ე.წ. მსურველთა კოალიციის ერთ-ერთი ინიციატორია.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი - ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრის გამო კირ სტარმერს შვებულების შეწყვეტა მოუწია. სტარმერის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მსურველთა კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრის.
- ალასკაში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მხარეებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს - ამასთანავე სტარმერმა განაცხადა მოლაპარაკებებში ზელენსკის ჩართვის აუცილებლობის შესახებ.