ფონ დერ ლაიენი: სი ძინფინგი მზადაა ზელენსკისთან სასაუბროდ
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მზადაა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბროს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
"საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ პრეზიდენტმა სიმ დაადასტურა საუბრის სურვილი", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სი ძინფინგის თქმით, ის ზელენსკის დაურეკავს, როცა "შესაფერისი პირობები და დრო" იქნება.
ჩინეთის ელჩმა ევროკავშირში ფუ კონგმა The New York Times-თან ინტერვიუში, 5 აპრილს განაცხადა, რომ სი ძინფინგმა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ არ დაურეკა, რადგან ძალიან დაკავებულია.
კონტექსტი
13 მარტს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სი ძინფინგი პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს. გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ სის საუბარი ზელენსკისთან, ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შედგებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 22 მარტს გამოაცხადა, რომ უკრაინა ზელენსკისა და სი ძინფინგს შორის დიალოგს დაიწყებდა, მაგრამ არის გარკვეული სირთულეები ჩინეთის პოზიციის გამო.
29 მარტს AP-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სი ძინფინგს უკრაინაში ელოდება.
უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ სი ძინფინგი ერთ-ერთია იმ მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელიც კვლავ ყოყმანობს უკრაინის მხარდაჭერას. მან აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ აგზავნის სიგნალებს "შეხვედრისთვის, განხილვისთვის, საუბრისთვის" მზადყოფნის შესახებ და ელოდება პასუხს.