- ზმეინის კუნძულის თავდასხმა: მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ ცეცხლი გახსნეს, სატელიტურ სურათებში ზმინის კუნძულზე მსხვილი დამწვარი ადგილები და დაზიანებული კოშკი გამოჩნდა. გასულ ორ თვეში უკრაინული ძალები გამუდმებით ესროდნენ კუნძულზე განთავსებულ რუსულ ძალებსა და ინფრასტრუქტურას.
- კალინინგრადი, შეიძლება, შეტაკების ახალი წერტილი გახდეს: რუსეთის ექსლავში, ბალტიის ზღვისპირა სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონ კალინინგრადში დაძაბულობა იმატებს. რუსეთი მას შემდეგ გაცხარდა, რაც ლიეტუვამ თავისი ტერიტორიის გავლით კალინინგრადში სანქცირებული პროდუქტების გადატანა შეზღუდა. ლიეტუვაში ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის სანქციებს აღასრულებენ. ევროკავშირი ვილნიუსის მხარეს იჭერს.
- ზელენსკი მეტ სანქციას მოითხოვს: უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ "საჭიროა ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი რაც შეიძლება მალე". ევროკავშირის 27-ივე წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური ამ კვირაში შეიკრიბება და უკრაინის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
- გარდაცვლილები ხარკოვში: ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად რეგიონში 15 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, რუსებმა გამიზნულად დაბომბეს ხარკოვის საცხოვრებელი და ინდუსტრიული ნაწილები.
- ომის დანაშაულების გუნდი: აშშ-ს მთავარმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ჩამოყალიბდება ომის დანაშაულებზე ანგარიშვალდებულების გუნდი. ის იმუშავებს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოვლენასა და დამნაშავეთა დასჯაზე. გუნდს გაუძღვება განყოფილებაში ცნობილი "ნაცისტებზე მონადირე", ილაი როზენბაუმი.
- ბრძოლა საკვანძო ქალაქისთვის: რუსულმა ძალებმა დონბასის რეგიონში დაიკავეს ფრონტისპირა სოფელი ტოშკივსკა. ისინი ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ საკვანძო მნიშვნელობის ქალაქი, სევეროდონეცკი. ტოშკივკა ქალაქის სამხრეთითაა, სადაც უკრაინული ძალები რუსებს მტკიცე წინააღმდეგობას უწევდნენ.
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.