ფსკოვში განთავსებულმა 60-მდე სამხედრომ უარი თქვა უკრაინაში საომრად წასვლაზე
ფსკოვში დისლოცირებულმა 60-მდე სამხედრო პირმა უარი თქვა უკრაინაში საომრად წასვლაზე. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Псковская губерния წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ომის პირველ დღეებში, აღნიშნული სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ხოლო მათი უარის შემდეგ, ისინი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, ფსკოვში დააბრუნეს.
წყაროს ინფორმაციით, ამ სამხედროების დიდი ნაწილს სამსახურიდან რიცხავენ, ხოლო ნაწილს სისხლის სამართლის საქმეებითაც ემუქრებიან. ამ დროისთვის მათთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია მუშაობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსი სამხედროები უარს ამბობენ უკრაინაში საომრად გამგზავრებაზე. მანამდე გავრცელდა ცნობები კრასნოდარის ოლქის ომონის თანამშრომლობის შესახებ, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში გამგზავრებაზე.
ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ხაკასიის ომონის თანამშრომელთა ნაწილმაც და საკონტრაქტო ჯარის სამხედროების ნაწილმა კალინინგრადში.
პორტალ სამხედრო ომბუდსმენის დამფუძნებელი, მაქსიმ გრებენიუკი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გრებენიუკის თქმით, რუსეთის მხოლოდ ერთ-ერთ ოლქში ომში წასვლაზე უარს ამბობს 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.