FT: მუსტაფა ნაიემის გადადგომა ზრდის დაძაბულობას კიევსა და პარტნიორებს შორის

ბერლინში დაგეგმილ უკრაინის რეკონსტრუქციის დონორების კონფერენციამდე 1 დღით ადრე თანამდებობიდან გადადგა უკრაინის აღდგენისა სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუსტაფა ნაიემმა. 

გადადგომის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში ნაიემი მთავრობის მხრიდან სისტემატურ ხელისშეშლაზე, შემცირებულ დაფინანსებასა, გაუარესებულ სამუშაო გარემოსა და მიზანმიმართულ ბიუროკრატიზაციაზე წერს. 

მუსტაფა ნაეიემის გადადგომა ბოლო თვეებში განვითარებული ხმაურიანი საკადრო ცვლილებების ჯერჯერობით ბოლო ეპიზოდია, რამაც კიევსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა გააჩინა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

ავტორები წერენ, რომ საკადრო ცვლილებები არყევს დასავლელი პარტნიორების ნდობას ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის მიმართ და აჩენს კითხვებს გადაწყვეტილებების სამართლიანობასთან დაკავშირებით. 

ნაიემი წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა 11 ივნისს ბერლინში გასამართ კონფერენციაზე მივლინებაზე უარი თქვა. უკრაინულ მედიაში ვრცელდა შმიჰალის წერილის ფოტოც, რომელზეც ჩანს, რომ სიტყვები "არ ვადასტურებ" ხელით არის მინაწერი, დანარჩენი ტექსტი კი დაბეჭდილია. 

დენის შმიჰალის წერილი მუსტავა ნაიემს (ფოტო - უკრაინსკა პრავდა)

სავარაუდოა, რომ ნაიემის გადადგომა გააჩენს დამატებით კითხვებს კონფერენციაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ არ არის დანიშნული ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრიც. განვითარების სააგენტო, რომელსაც ნაიემი ხელმძღვანელობდა 2023 წლამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროში შედიოდა, თუმცა გასული წლის შემოდგომაზე უწყება სამინისტროს გამოეყო. ნაიემთან ერთად გადადგენენ სააგენტოს ანტი-კორუფციული დეპარტამენტისა და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც. 

უკრაინული და ევროპული წყაროები გაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გასულ თვეებში წამოწყებულმა საკადრო ცვლილებებმა დასავლეთთან ურთიერთობაში დაძაბულობა გააჩინა. ამავე წყაროების ცნობით, დასავლელმა პარტნიორებმა გააფრთხილეს ზელენსკი ამგვარი "გაუმართლებელი" გადაწყვეტილებები ქვეყნის წინაშე ახალ რისკებს აჩენს. 

"ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს პროგნოზირებადი, ნორმალური ურთიერთობები სურთ თავიანთ უკრაინელ კოლეგებთან. ახლა კი ისინი კარგავენ ნდობას უკრაინის მიმართ აუხსნელი და გაუმართლებელი საკადრო გადაწყვეტილებების გამო",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი. 

გაზეთის უკრაინული წყაროების ცნობით, საკადრო ცვლილებების მიზეზი პოლიტიკური დაპირისპირებაა. თავის მხრივ უკრაინის მთავრობის პრეს-სპიკერი განმარტავს, რომ ნაიემს უარი იმავე დღეს ჩანიშნული მთავრობის სხდომის გამო ეთქვა, რომელზეც ამ უკანასკნელს ბოლო კვირებში გაწეული სამუშაოების ანგარიში უნდა წარედგინა. 

ბერლინში გასამართ კონფერენციას პირადად დაესწრება ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის შემდეგაც უკრაინელი პრეზიდენტი გერმანიის პარლამენტში გამოვა სიტყვით. ზელენსკის დასწრების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ რეკონსტრუქციის მიმართულებით 2 პასუხისმგებელი სახელმწიფო პირის არ ყოფნა ქვეყნის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე პარტნიორებთან გარკვეულ უხერხულობას შექმნის. 

"ეს არის სიგნალი ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის რეკონსტრუქცია აღარ არის პრიორიტეტული",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ჰლებ ვიშინკი - კიევში მოქმედი ეკონომიკური სტრატეგიების ცენტრის დირექტორი. 

გადადგომამდე 2 კვირით ადრე ნაიემი USAID-ის რამდენიმე მაღალჩინოსანს შეხვდა და განუცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს უწყებებში გამოძიებები დაიწყო და სავარაუდოდ მას მომდევნო კვირებში გადააყენებდნენ თანამდებობიდან. 

წყაროების ცნობით, ამავე შეხვედრაზე ნაიემი ამერიკელ პარტნიორებს არწმუნებდა, რომ მათ შორის მათი დაფინანსებით მიმდინარე პროექტები შეუფერხებლად გაგრძელდებოდა და მოუწოდა მათ აქტიურად გაეგრძელებინათ მუშაობა მის შემცვლელთან. 

ნაიემის გათავისუფლებას წინ უძღოდა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის გადაყენება. კუბრაკოვი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ მინისტრად მიიჩნეოდა. გაზეთის უკრაინული წყაროების ცნობით, კუბრაკოვის გადაყენების ერთ-ერთი ზელენსკის ოფისში მინისტრსა და აშშ-ს შორის მეტად "ახლო" ურთიერთობები ყოფილიყო. ზელენსკის ოფისს ამ დრომდე არ გაუვრცელებია განმარტება კუბრაკოვის გადაყენებაზე. 

Financial Times-ის ცნობით, კუბრაკოვის გადაყენებამ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მათ ღიად გამოხატეს კიდეც უკრაინელებთან შეხვედრის დროს. 

ალექსანდრ კუბრაკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეფორმატორი იყო, სწორედ კუბრაკოვმა მოაწერა ხელი ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთთან 2022 წლის გაზაფხულზე. უკრაინული მედია წერდა, რომ გასული წლის აგვისტოში ზელენსკიმ კუბრაკოვს თავდაცვის მინისტრის პოსტიც შესთავაზა. 

კუბრაკოვის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ღიად გამოხატეს აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებმა. 

წყაროების ცნობით, ელჩებმა უკმაყოფილება ღიად გამოხატეს პრემიერ შმიჰალთან გამართულ შეხვედრაზე 13 მაისს. შეხვედრა, რომელიც რუსეთის გაზრდილი საჰაერო დარტყმების ფონზე ენერგეტიკულ სექტორში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას უნდა დათმობოდა კუბრაკოვის გადაყენებისა და ნაიემის არყოფნის საკითხს დაეთმო - თავდაპირველი გეგმით ნაიემი შეხვედრას უნდა დასწრებოდა, თუმცა ის შეხვედრის შემადგენლობიდან რამდენიმე საათით ადრე პრემიერის ოფისმა გაიყვანა. 

 

მსგავსი სიახლეები