FT: პენტაგონის ჩინეთის მიმართულების კურატორი ტაივანს ეწვია
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ტაივანს ეწვია - ეს 2019 წლის შემდეგ კუნძულზე პენტაგონის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, მაიკლ ჩეისი, რომელიც ჩინეთის საკითხებში ლოიდ ოსტინის მოადგილის პოსტს იკავებს ტაივანში 2 კვირის წინ იმყოფებოდა. პენტაგონის მაღალჩინოსი ტაივანს ბოლოს 2019 წელს ეწვია - მაშინ კუნძულზე ჰეინო კლინკი იმყოფებოდა, რომელიც პენტაგონში აღმოსავლეთ აზიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
პენტაგონმა საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა.
ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი
ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად, ტაივანს დამარცხებული გენერალი, ჩან კაიშის პარტია მართავდა.
ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის რეინტეგრაციისთვის, თუნდაც ძალის გამოყენებით.
ტაივანს აქვს საკუთარი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს და ლეგიტიმურად, პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.
ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.