FT: რუსეთს მართვადი რაკეტების მარაგი ეწურება, წარმოება სანქციებმა გაართულა
რუსეთს უკრაინაში მართვადი, მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი ეწურება, სანქციების გამო კი თავდაცვის სამინისტროს ქარხნები წარმოების მასშტაბურ გაზრდას ვერ ახერხებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა მონაცემებით ომის დაწყებიდან ამ დრომდე რუსეთმა უკრიანის მიმართულებით 2 000-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლა. რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე დაკვირვებით და ანალიზით სავარაუდოა, რომ რუსეთს უთავდება მართვადი რაკეტების მარაგები და მისი გადმოტანა უკრაინის ფრონტზე სხვა სტრატეგიული მიმართულებებიდან უწევს.
"მათი მარაგები შეზღუდულია, მარაგი იწურება და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ კალიბრის ტიპის რაკეტების გადმოტანა სხვა სტრატეგიული მიმართულებებიდან უწევთ. ეს მიანიშნებს, რომ ჯამურად რუსეთის არმიას მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი ეწურება",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი.
ამერიკელი ჩინოვნიკის აზრით, კიდევ ერთ სირთულეს რუსეთისთვის წარმოადგენს სუსტი ინდუსტრიული ბაზა და "დასავლური სანქციები, რომლებიც ზღუდავს წარმოები პოტენციალს მაშინ, როდესაც რუსეთის არმია ბრძოლის ველზე მაქსიმალური შედეგის მიღწევას ცდილობს".
___________________________________________________
პენტაგონში აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობა ყოველდღიურ ანონიმურ ბრიფინგზე მიმოიხილეს.
აშშ-ს დაცვის უწყების ცნობით, საოკუპაციო ძალების სამხედრო კამპანია დონბასში, რომლის მიზანიც რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება იყო უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე დაგეგმილი იყო.
პენტაგონის მაღალჩინოსნის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები თავდაპირველად განსაზღვრულ გრაფიკს, როგორც მინიმუმ, რამდენიმე დღით ჩამორჩებიან.
მოვლენათა ამგვარი განვითარების მიზეზად უწყებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურ წინააღმდეგობას და კიევის ბრძოლისთვის განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მომეტებულ სიფრთხილეს ასახელებენ. რუსული არმიის სიფრთხილეზე მიანიშნებს ის, რომ ისინი მაქსიმალურად ფრთხილობენ არ მოწყდნენ მომარაგების მთავარ ხაზს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავაც ამზადებენ ნიადაგს უფრო ფართომასშტაბიანი შეტევისთვის", - განაცხადა უწყების მაღალჩინოსანმა.
აშშ-ს თავდაცვის უწყების ცნობით, დონბასში რუსეთს მობილიზებული ჰყავს 92 ე.წ. ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება, კიდევ რამდენიმე დაჯგუფება საზღვართან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზეა დაბანაკებული.
რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, პენტაგონში ეჭვი ეპარებათ ამ შენაერთების ბრძოლისუნარიანობაში, რადგან მათმა ნაწილმა უმძიმეს ბრძოლებში რამდენიმე კვირა გაატარა.
დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეზღუდული წინსვლის შესახებ იყო საუბარი პენტაგონში 28 აპრილს გამართულ ბრიფინგზეც.