FT: სანავთობო შემოსავლების კლების ფონზე რუსეთს ხარჯების შემცირება უწევს

შემცირებული სანავთობო შემოსავლებისა და ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის ფონზე რუსეთს შესაძლოა უკვე მიმდინარე თვიდან მოუწიოს "არაპრიორიტეტული" ხარჯების შეკვეცა - საუბარია სხვადასხვა სამოქალაქო და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე. 

ვითარების არსი: ამის შესახებ Financial Times რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მოზრდილ მიმოხილვაში წერს

  • მასალის ავტორების შეფასებით, "უსიამოვნო გადაწყვეტილებების" მიღებას რუსეთის მთავრობა რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია აიძულებს: მზარდი სამხედრო ხარჯები, ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი, მყარი რუბლი და ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლების კლება. 

  • მიუხედავად იმისა, რომ ივლისში რუსეთის სანავთობო შემოსავალი შესამჩნევად გაიზარდა, საშუალო წლიურ ჭრილში მაჩვენებლები მაინც დაგეგმილზე ნაკლებია. 

  • თავის მხრივ, დაგეგმილზე ბევრად მეტია ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რაც დამატებით ტვირთად აწვება ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც უკვე სექტემბერში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარადგინოს. 

ჩაშლილად: 5 სექტემბერს ვლადივასტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს "ფუფუნება" გაზარდოს ბიუჯეტის დეფიციტი. 

  • სავარაუდოა, რომ საწყის ეტაპზე შემცირდება ისეთი "არაპრიორიტეტული" სფეროების დაფინანსება როგორებიცაა სპორტი და წამგებიანი სახელმწიფო კურორტები. 

  • რუსეთის ფედერაციის საბჭოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ გზით მთავრობა 2 ტრილიონ რუბლს დაზოგავს, რომელიც მოხმარდება თავდაცვისა და უსაფრთხოების "პრიორიტეტულ" სფეროებს. 

  • ეკონომისტების შეფასებით, რუსეთი გაზრდილი დეფიციტის დაფინანსებას შიდა ბაზარზე სესხების გზით, შედარებით იოლად შეძლებს, მით უფრო მას შემდეგ რაც ბოლო თვეებში საბაზისო განაკვეთი 21-დან 18%-მდე შემცირდა. 

  • რუსეთის მთავრობას შეუძლია ფულის სესხება ფინანსური კეთილდღეობის ფონდიდან, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს კრემლისთვის ნაკლებად სასურველია, რადგანაც ფონდის ნახევარი ომის გაზრდილი ხარჯების ფონზე უკვე განახევრებულია, ხოლო მოსკოვის საგარეო სავალუტო აქტივები ამ დრომდე გაყინულია. 

სტრიქონებს შორის: გაზრდილი ფინანსური სირთულეების მიუხედავად, კრემლი ამ დრომდე ძველ მიდგომას ინარჩუნებს, რომლის ფარგლებშიც ფრონტის საჭიროებები უპირველესი პრიორიტეტია. 

  • Financial Times-ის შეფასებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის ომის ხარჯები პრაქტიკულად გაორმაგებულია, ასევე იყო თვეები როდესაც აღნიშნული ხარჯები 3-ჯერ ან მეტით იზრდებოდა. 

  • ეკონომისტების შეფასებით, სულ უფრო მკაფიო ხდება რუსეთის მოქმედი ეკონომიკური მოდელის შეზღუდვები, რომლებიც სრული ავტარქიისკენ ისწრაფვის. 

  • "როდესაც სავალუტო რეზერვები და სანავთობო შემოსავლები იზრდებოდა სუფევდა ილუზია, რომ ნებისმიერი სოციალური პრობლემის გადაწყვეტა დამატებითი დაფინანსებით იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო ახლა ამდენი ფული აღარ არის და მოვიდა პრიორიტეტების განსაზღვრის დრო"- ამბობს გაზეთთან საუბარში კარნეგის ფონდის ექსპერტი, ალექსანდრა პროკოპენკო. 

  • ეკონომისტების შეფასებით, 2022 წლიდან მოყოლებული რუსეთის ეკონომიკაში დაგროვილი პრობლემებს ემატება სამუშაო ძალის დეფიციტი, საზგვარგარეთული გადახდების კუთხით წარმოქმნილი პრობლემები და გაზრდილი ინფლაცია. 

  • ამ ფონზე მწვავდება სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის დამახასიათებელი სპეფიციკური პრობლემები, მაგალითად: ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გადატვირთულია ვაჭრობის აღმოსავლეთით რეორიენტაციის ფონზე, ხოლო ნახშირის მოპოვების ინდუსტრია 1990-იანი წლებიდან მოყოლებული უმსხვილეს ფინანსურ დანაკარგებს განიცდის. 

  • გაფუჭებული კორპორატიული კრედიტების მოცულობის ზრდაზე მიუთითებენ რუსული ბანკები. 

კონტექსტი: იანვარ-აგვისტოს მონაკვეთში ენერგორესურსების ექსპორტით მიღებული შემოსავლის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის შემცირებული. 

  • მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 5 ტრილიონ რუბლს მიუახლოვდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2%-ია, მაშინ, როდესაც დაგეგმილი მაჩვენებელი 0.5%-ს შეადგენდა. 

სიღრმისეულად: გრეფი: რუსეთის ეკონომიკური ზრდა განულდა, დაიწყო ტექნიკური სტაგნაცია

მსგავსი სიახლეები