FT: თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განხილვა დაბლოკა

თურქეთმა დაბლოკა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვის დაწყების პროცედურა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times ავრცელებს.

ბრიუსელში ერთმანეთს ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩები შეხვდნენ, მთავარი თემა ნორდიკული სახელმწიფოების განაცხადების განხილვა და ამ საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყება იყო, თუმცა თურქეთის წარმომადგენლობა კენჭისყრა დაბლოკა. 

მოლაპარაკებების დაბლოკვა გამოცემასთან საუბარში დაადასტურა თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა - "ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი ვერ გახდებიან ნატოს წევრები, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მათ უნდა გაიზიარონ ის საფრთხეები, ის ტერორისტული საფრთხეები, რაც ჩვენ წინაშე დგას". 

თურქეთის გადაწყვეტილებამ გააქარწყლა იმედი, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება სწრაფად ჩაივლის. მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუტ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დღეს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები