სკანდალების და გადადგომების სერია უკრაინის მთავრობაში - რა უნდა ვიცოდეთ
2023 წელი უკრაინაში მაღალი თანამდებობების პირების გადადგომებითა და კორუფციული სკანდალებით დაიწყო. თანამდებობები უკვე დაკარგეს პრეზიდენტის ოფისის უფროსის, თავდაცვის, ტერიტორიული განვითარების, სოციალური პოლიტიკის მინისტრის და გენერალური პროკურორის მოადგილეებმა.
მოსალოდნელია, რომ გათავისუფლებების სერია ამაზე არ შეჩერდება და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირს შეეხება.
პირველად თანამდებობა ზელენსკის ოფისის შტატგარეშე მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა დაკარგა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გარკვეული პერიოდით ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სანდო პოლიტიკოსი გახდა.
თუ არესტოვიჩის გადაყენება მის მიერ დნიპროს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდებოდა, გასულმა კვირამ სააშკარაოზე უკრაინის პოლიტიკური სისტემების ძველი და კარგად ნაცნობი სტრუქტურული პრობლემები გამორიყა.
ცვლილებების პირველმა ტალღამ უკრაინას რუსეთის შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ გადაუარა - მაშინ არაეფექტური მუშაობისთვის თანამდებობა დაკარგა უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) უფროსმა და ზელენსკის უახლოესმა მეგობარმა ივან ბაკანოვმა. ბაკანოვის გარდა თანამდებობა დაკარგა ირინა ვენედიქტოვამაც, რომელიც გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.
ვენედიქტოვას გათავისუფლების შემდეგ, გენერალური პროკურორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ოლექსი სიმონენკო დაინიშნა. სწორედ სიმონენკოსგან დაიწყო გასული კვირის სკანდალების სერია, რომელსაც დასასრული ჯერაც არ უჩანს.
დასვენება ომიანობისას
თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, ოლექსი სიმონენკომ 10-დღიან საახალწლო შვებულება ესპანეთის პრესტიჟულ კურორტ მარბელიაზე გაატარა.
ამის შესახებ ინფორმაცია Українська правда-ს ჟურნალისტმა, იური ტკაჩმა გაავრცელა, თუმცა ამის საფუძველი სიმონენკოს ცოლმა მისცა, რომელმაც ქმართან ერთად კურორტზე გადაღებული ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტის ცნობით, სიმონენკო ესპანეთში ცნობილი ლვიველი ბიზნესმენისა და დეპუტატის გრიგორი კოზლოვსკის ანტიკვარული მერსედესით იმყოფებოდა.
სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ამონაწერის მიხედვით, სიმონენკო უკრაინის სახელმწიფო საზღვარი ვინმე ვიქტორ დერკაჩთან ერთად გადაკვეთა, რომელიც ავტომობილის საჭესთან იჯდა. დერკაჩი კოზლოვსკის პირადი დაცვის თანამშრომელია. სიმონენკომ საზღვარი გასული წლის 30 დეკემბერს გადაკვეთა, ხოლო 8 იანვარს იმავე ავტომობილით უკან დაბრუნდა.
კოზლოვსკი უკრაინაში სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენია, სწორედ მას ეკუთვნის სასტუმრო პრესტიჟული სასტუმრო Emily Resort, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ფინანსური ელიტისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა. გამოცემის ცნობით, სასტუმრო ხშირად უფასოდ მასპინძლობს ქვეყნის გავლენიან ჩინოვნიკებს.
გასული წლის ივლისში ირინა ვენედიქტოვას გათავისუფლების შემდეგ, სიმონენკო 10 დღის განმავლობაში იკავებდა მისი მოვალეობის შემსრულებლის პოსტს, რასაც უკრაინის გარკვეულ წრეებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
ბევრი უკრიანელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ სიმონენკომ გენპროკურორის მოადგილის პოსტზე განზრახ გააჭიანურა საქმე ოლეგ ტატაროვის წინააღმდეგ - ტატაროვი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. 2021 წელს ტატაროვის სახელი მსხვილ კორუფციულ საქმის ფარგლებში გაჟღერდა, რომელიც ეროვნული გვარდიისთვის საცხოვრებლის მშენებლობას უკავშირდება.
ტატაროვს მისი მეგობარი ბიზნესმენის მფარველობას და სახელმწიფო თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. თავდაპირველად ტატაროვის წინააღმდეგ საქმეს უკრაინის ანტი-კორუფციული ბიურო იძიებდა, თუმცა სიმონენკოს გადაწყვეტილებით საქმე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს (CБУ) გადასცა, სადაც საქმეს მსვლელობა არ მისცემია.
2021 წლის აგვისტოში უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ფოტოები ტატაროვის დაბადების დღის წვეულებიდან, რომელზეც სხვა ჩინოვნიკებთან ერთად ოლექსი სიმონენკოც იმყოფებოდა.
სიმონენკოს მოგზაურობის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინოვნიკებისთვის ქვეყნის დატოვების წესების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა - ამიერიდან უკრაინელი ჩინოვნიკები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ სპეციალური ნებართვის და სახელმწიფო მივლინების ფარგლებში შეძლებენ.
უიღბლო ავტომობილი
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ზელენსკის ოფისის მოადგილის უმთავრეს საქმედ პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამის, დიდი მშენებლობების კურატორობა იყო.
ტიმოშენკო ზელენსკის ადმინისტრაციაში ანდრეი ბოგდანთან ერთად მოვიდა. 2020 წლის თებერვლამდე ბოგდანი ოფისის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, ამ თანამდებობაზე ის ანდრეი ერმაკმა შეცვალა. უკრაინული პრესა პერიოდულად წერდა, რომ ტიმოშენკოსა და ერმაკს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
ომის დაწყების შემდეგ, ტიმოშენკო რუსული ოკუპაციისგან დაზარალებული ტერიტორიების აღგდენის პროგრამის კურატორი გახდა. აქ მისი საქმიამობის პროფილი ალექსანდრ კურბაკოვთან გადაიკვეთა, რომელიც ახალდაფუძნებული თემთა და ტერიტორიების განვითარების მინისტრად დაინიშნა. კურბაკოვს მინისტრის პოსტთან ერთად ვიცე-პრემიერის პორტფელიც ერგო. ფუნქციების დუბლირების ფონზე ტიმოშენკოსა და კურბაკოვს შორის ურთიერთობები ეტაპობრივად იძაბებოდა.
ხელისუფლებაში უკმაყოფილოები იყვნენ ტიმოშენკოს მუშაობის ტემპითაც, კერძოდ ქვეყნის შიგნით გადაადგილებული უკრაინელებისთვის საცხოვრებლის მშენებლობით. თუმცა ტიმოშენკოთი უკმაყოფილება ყველაზე მეტად იმ სკანდალებმა გამოიწვია, რომელშიც ის ბოლო თვეებში გაეხვა.
სკანდალის მიზეზი General Motors-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ყველგანმავალი გახდა - Chevrolet Tahoe, რომელიც ЗСУ-ს ცხელი წერტილებიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის გადაეცა მოულოდნელად ტიმოშენკოს სარგებლობაში აღმოჩნდა.
ტიმოშენკო აცხადებდა, რომ აღნიშნული ავტომობილით სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და დეოკუპირებულ რეგიონებში მოგზაურობდა. ტიმოშენკო ირწმუნებოდა, რომ ავტომობილი სახელმწიფოს ბალანსზე იყო, თუმცა ფაქტის გახმაურების შემდეგ ავტომობილი არმიის ერთ-ერთ დანაყოფს გადასცა. უკვე დეკემბერში უკრაინელმა ჟურნალისტებმა ტიმოშენკო 2021 წლის Porsche-ს საჭესთან შენიშნეს, რომლის ღირებულებაც 100 ათასს აღემატება.
შესყიდვები არმიისთვის
21 იანვარს ჟურნალისტმა იური ნიკოლოვმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ არმიისთვის სურსათის შესყიდვის კონტრაქტებს ეხებოდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის სურსათს 2-3-ჯერ გაზრდილი ფასებით ყიდულობდა. გამოქვეყნდა შესაბამისი ხელშეკრულებებიც, რომელშიც ფასები ჯერადად აღემატებოდა იმავე დასახელების პროდუქციის ფასებს კიევის საცალო სუპერმარკეტებში.
სკანდალს მალევე გამოეხმაურა მიხაილო პოდოლიაკი, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხზე მოკვლევა უკვე დაიწყო და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ჟურნალისტურ გამოძიებას მალევე გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც - უწყებაში განაცხადეს, რომ მასალა მანიუპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება.
საკითხის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის ლიდერმა დავიდ არახამიამ გაზაფხულზე დაჭერები დააანონსა. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით რადაში უკვე დაბარებულია ოლექსი რეზნიკოვი, რომელსაც პარლამენტის პროფილურ კომიტეტში მიმდინარე კვირას ელოდებიან.
წმენდა სამხედრო ადმინისტრაციებში
უკრაინის მთავრობაში საკადრო გადადგილებები 5 რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების გადაყენებით გაგრძელდა.
თანამდებობებიდან გაათავისუფლეს:
- ვალენტინ რეზნიჩენკო - დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- ალექსანდ სტარუხი - ზაპორიჟიის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- დმიტრო ჟივიცკი - სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- იაროსლავ იანუშევიჩი - ხერსონის სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელი;
- ოლექსი კულება - კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
უკრაინული მედიის ცნობით, კირილ ტიმოშენკოს ადგილის ოლექსი კულება დაიკავეს, რომელიც ამ დრომდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
კორუფციული სკანდალების უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ რადის თავმჯდომარესთან ერთად ერთ-ერთი საპატიმროს კამერაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკრაინის ციხეებში უკვე მზად არის კომფორტული კამერები.