გაერო: ეთიოპიის სამოქალაქო ომში მხარეებმა „განსაკუთრებული სისასტიკე“ გამოავლინეს

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მიმდინარე სამოქალაქო ომში მხარეებმა „განსაკუთრებული სისასტიკე“ გამოავლინეს და, შესაძლოა, „ომის დანაშაულები“ ჩაიდინეს, ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა ანგარიშში.

2020 წლის ნოემბერში გაჩაღებულ კონფლიქტში, რომელშიც ერთმანეთს ეთიოპიის ცენტრალური მთავრობა და ტიგრაის ხალხის განთავისუფლების ფრონტი (TPLF) დაუპირისპირდნენ, განსაკუთრებით სისხლიანი აღმოჩნდა.

დოკუმენტის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში მხარეებს ბრალი ედებათ სამოქალაქო მოსახლეობის წამების, ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების ასეულობით შემთხვევაზე.

„დანაშაულების უდიდესი ნაწილი ეთიოპიის და ერიტრეის თავდაცვის ძალების წევრებს მიეწერებათ“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელემ.

ბაშელეს თქმით, რადგანაც ეთიოპიის მთავრობა ქვეყანაში უფლებადამცველი და მედია-ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს, რამაც ანგარიშზე მუშაობა განსაკუთრებით რთული გახადა.

გაეროს ანგარიშის გამოქვეყნება გუშინ ეთიოპიის პრემიერმინისტრ აბი აჰმედის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის განცხადებას დაემთხვა.

ცენტრალური ხელისუფლება შიშობს, რომ ტიგრაის ძალები დედაქალაქ ადის აბებაზე სამხედრო იერიშს ამზადებენ.

სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა ეთიოპიას სავაჭრო შეზღუდვებს დაუწესებს „ქვეყანაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო“.

მსგავსი სიახლეები