რუსეთის ელჩი გაეროში: ისრაელს არ აქვს თავდაცვის უფლება, რადგან ოკუპანტია
ისრაელს არ აქვს თავდაცვის უფლება, რადგან ის არის ოკუპანტი ძალა. ამის შესახებ რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ ოთხშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე განაცხადა.
"ერთადერთი, რისი შეგროვებაც მათ შეუძლიათ, არის განცხადებები ისრაელის სავარაუდო თავდაცვის უფლების შესახებ, თუმცა, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, მას არ აქვს ეს უფლება, რასაც 2004 წლის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა ადასტურებს," - აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს არ აქვს თავდაცვის უფლება, ისრაელს აქვს უფლება "უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება" და "ებრძოლოს ტერორიზმს."
"რაც შეეხება ისრაელის უსაფრთხოებას - და ჩვენ ვაღიარებთ ამ უფლებას - ეს უსაფრთხოება შეიძლება იყოს სრულად გარანტირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პალესტინის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე გადავწყვეტთ," - განაცხადა რუსმა წარმომადგენელმა. "ებრაელი ხალხი დაზარალდა მრავალსაუკუნოვანი დევნით და ებრაელმა ხალხმა ყველამ უკეთ უნდა იცოდეს, რომ უბრალო ადამიანების ტანჯვა, ბრმა შურისძიების სახელით დაკარგული უდანაშაულო სიცოცხლეები, არც სამართლიანობას აღადგენს, არც მიცვალებულებს გააცოცხლებს და არც მათ ოჯახებს ანუგეშებს."
ნებენზიამ დასავლეთის ქვეყნები სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობების "ტორპედირებაში" დაადანაშაულა და არაბული სახელმწიფოების მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ძალისხმევა დაგმო.