გაერო: ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ

ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც გაეროს ეგიდით ეგვიპტეში იმართება, უშედეგოდ დასრულდა.

მეტოქე პოლიტიკური ძალები საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა პარლამენტის სპიკერ აგილა სალეჰს და ტრიპოლიში მდებარე სახელმწიფო საბჭოს მეთაურ ხალიდ ალ-მასრის მომდევნო ათ დღის განმავლობაში დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.

მედიის ინფორმაციით, უთანხმოების მთავარ საგნად საპრეზიდენტო კანდიდატების კრიტერიუმი იქცა.

ტრიპოლის დაჯგუფება სამხედროებისთვის უმაღლეს თანამდებობაზე კენჭისყრის აკრძალვას მოითხოვს, რაც გავლენიანი გენერალი ხალიფა ჰაფთარის პრეზიდენტობის პერსპექტივას დაემუქრება.

ჰაფთარმა საპრეზიდენტო ამბიციის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. 2020 წელს ჰაფთარის ძალებმა ტრიპოლზე შეტევა წამოიწყეს, თუმცა ქალაქში მდებარე მთავრობამ, რომელსაც მხარს თურქეთი უჭერს, იერიშის უკუგდება მოახერხა.

2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ნავთობით მდიდარ ლიბიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს.

მას შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთს და დასავლეთს დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები მართავენ, რომლებსაც ზურგს ადგილობრივი გასამხედროებული ჯგუფები და სხვადასხვა ქვეყნები უმაგრებენ.

მსგავსი სიახლეები