ღაზაში ახალშენების მშენებლობას ისრაელის მოქალაქეების 44% ემხრობა, 39% - წინააღმდეგია

ისრაელის მე-12 არხი 15 ნოემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ომის შემდეგ ღაზას სექტორში ებრაული ახალშენების მშენებლობას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

ისრაელმა 2005 წელს ღაზადან უკანონოდ მცხოვრები 8000 ებრაელი გამოასახლა.

კითხვაზე, რა უნდა მოხდეს ღაზაში ომის დასრულების შემდეგ, გამოკითხულთა 32%-მა უპასუხა, რომ "ისრაელი მუდმივად უნდა დარჩეს და განაახლოს ახალშენების მშენებლობა;" 30%-მა თქვა, რომ ანკლავი "საერთაშორისო კონტროლში უნდა მოექცეს;" 14%-მა თქვა, რომ ისრაელმა მუდმივი სამხედრო ყოფნა უნდა შეინარჩუნოს; 10%-მა აღნიშნა, რომ ღაზას მართვა პალესტინის ადმინისტრაციას უნდა გადაეცეს და 14%-მა პასუხი არ იცის.

რესპონდენტებს ასევე სთხოვეს გაეკეთებინათ პირდაპირი არჩევანი ემხრობოდნენ თუ არა ღაზაში ებრაული ახალშენების მშენებლობას - 44%-მა განაცხადა, რომ ამას ემხრობა, ხოლო 39% წინააღმდეგი იყო. 

შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა მათი პოლიტიკური პოზიცია ომის შემდეგ, 53%-მა განაცხადა, რომ ის არ შეცვლილა; 36%-მა განაცხადა, რომ ისინი უფრო მემარჯვენეები გახდნენ; 6%-მა განაცხადა, რომ ისინი უფრო მემარცხენეები გახდნენ; ხოლო 5%-მა თქვა, რომ არ იცის.

ისრაელის მოქალაქეების 58% აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, 19%-მა განაცხადა, რომ ამჟამინდელი კოალიცია უნდა დარჩეს, 13%-ის აზრით, ალტერნატიული მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელსაც ლიკუდის სხვა ლიდერი უხელმძღვანელებს და 10%-მა განაცხადა, რომ არ იცის.

15 ნოემბერს ჩატარებულ კვლევაში 502 რესპონდენტი მონაწილეობდა, ცდომილების ზღვარი 4.4%-ია.

მსგავსი სიახლეები