არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, განცი ნეთანიაჰუს დიდი სხვაობით დაამარცხებს - კვლევა

ისრაელის მე-12 არხის კვლევის თანახმად, ისრაელის მმართველი კოალიცია, რომელსაც დღეს ქნესეთში 64 მანდატი აქვს, არჩევნების შემდეგ მხოლოდ 45 მანდატს მიიღებდა.

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

პარტიული რეიტინგით, პირველ ადგილზეა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გენერალ ბენი განცის პარტია ეროვნული ერთიანობა - 36 მანდატი, მეორეზე ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდი - 17.

მე-12 არხი წერს, რომ ომის დროს საარჩევნო გამოკითხვის ჩატარება უჩვეულო იყო. ტელევიზია აცხადებს, რომ ჩვეულებრივ, ომებისას პრემიერ-მინისტრების პოპულარობა იზრდება, ხოლო ამ გამოკითხვაში ეს პირიქით მოხდა.

კვლევის შედეგად სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია: ყოფილი პრემიერის, იაირ ლაპიდის პარტია იეშ ატიდი - 15 მანდატი; რელიგიური პარტია შასი - 10 მანდატი; რუსულენოვანი ებრაელების პარტია ისრაელ ბეითენუ - 9; ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების პარტია გაერთიანებული თორას იუდაიზმი - 7; იტამარ ბენ გვირის პარტია ებრაული ძალა - 7; არაბული პარტიების ბლოკი ჰადაშ-ტაალი - 5; ულტრამემარცხენე პარტია მერეცი - 5 და მემარცხენე-სიონისტური ლეიბორისტული პარტია ბარიერს ვერ ლახავს, რომელიც ამჟამად ქნესეთში 4 მანდატით არის წარმოდგენილი.

15 ნოემბერს ჩატარებულ კვლევაში 502 რესპონდენტი მონაწილეობდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად იცვლება: ბენი განცის პარტია - 25 მანდატი; ლიკუდი - 17; ბენეტის პარტია - 17; იეშ ატიდი - 14.

კითხვაზე, თუ ვინ არის ისრაელის პრემიერ-მინისტრობის საუკეთესო კანდიდატი, 41%-მა უპასუხა ბენი განცი და 25%-მა - ბენიამინ ნეთანიაჰუ. ნეთანიაჰუსა და ლაპიდს შორის კი ორივე კანდიდატს 29% უჭერს მხარს.

მსგავსი სიახლეები