გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობის მე-5 წლისთავზე სლოვაკეთში აქციები იმართება
სლოვაკეთის ათეულობით ქალაქში გამომძიებელი ჟურნალისტისა და მისი საცოლის მკვლელობის მე-5 წლისთავზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
27 წლის იან კუციაკი და მისი საცოლე, მარტინა კუშნიროვა გალანტის რაიონში (ტრნავა, სლოვაკეთი) 2018 წლის 21 თებერვალს მოკლეს.
მკვლელობისთვის ბრალი სამ ადამიანს, მათ შორის ყოფილ ჯარისკაცს, მიროსლავ მარჩეკს, წაუყენეს. მკვლელობის ორგანიზებაში ბიზნესმენი მარიან კოჩნერია ბრალდებული. პროკურორების განცხადებით, მან გამომძიებელი ჟურნალისტისა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის მიროსლავ მარჩეკი დაიქირავა.
2019 წელს სლოვაკეთის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, მიროსლავ მარჩეკმა ჟურნალისტ იან კუციაკისა და მარტინა კუშნიროვას მკვლელობა აღიარა.
იან კუციაკისა და მარტინა კუშნიროვას მკვლელობის შემდეგ, სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით 1989 წლის ანტიკომუნისტური ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, რამაც საბოლოო ჯამში, კოალიციური მთავრობის დაშლა გამოიწვია.
რობერტ ფიცო ხელისუფლების სათავეში 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა.
კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ.
რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მეოთხედ მოახერხა. მის პოლიტიკურ გაერთიანება - „სმერს“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 წელს მოახერხა, წლებია აკრიტიკებენ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კორუფციის აყვავებაში და ა.შ.